საქართველოში 85 წლისა და უფროსი ასაკის 65 552 ადამიანი ცხოვრობს,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებიდან ვიგებთ.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581 ადამიანს შეადგენს, რაც 2014 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით 5.8%-ით, ანუ 215 777 ადამიანით მეტია.
აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 52% (2 048 577 ადამიანი) ქალია, ხოლო 48% (1 881 004 ადამიანი) კაცი. ამასთან, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა 15.7%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის მოსახლეობა 7.4%-ით, ანუ 111 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა.
ასაკობრივი განაწილების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფი 85 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაა, რომელიც 65 552 ადამიანს აერთიანებს. მას მოსდევს 34 წლის ასაკობრივი ჯგუფი — 64 127 ადამიანი და 33 წლის მოსახლეობა — 63 470 ადამიანი.
ყველაზე მრავალრიცხოვან ასაკობრივ ჯგუფებს შორის ასევე არიან 39 წლის (61 027 ადამიანი), 38 წლის (60 790), 10 წლის (60 399), 14 წლის (60 270), 9 წლის (59 511), 15 წლის (59 336), 37 წლის (59 280) და 35 წლის (59 028) მოსახლეობა.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები „საქსტატმა“ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.