ლენტეხში აგრარული ბაზარი გაიხსნება, სადაც ბიოპროდუქცია გაიყიდება. საინვესტიციო პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება, პროექტის - „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“ ფარგლებში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შედგა ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია, სადაც საქართველოს 4 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტის მერს შესაძლებლობა მიეცა, პროექტის ფარგლებში, დაფინანსებისთვის შერჩეული ინიციატივები წარმოედგინათ. მათ შორის იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტიც და მასთან საგრანტო ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

„სწორედ ამ გრანტით, აღვადგენთ ლენტეხში აგრარულ ბაზარს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მოგეხსენებათ, ოდითგანვე ლენტეხის მუნიციპალიტეტს ჰქონდა საკუთარი აგრარული ბაზარი, სადაც ხდებოდა ადგილობრივი მეწარმეებისგან წარმოებული ბიოპროდუქციის ყიდვა-გაყიდვა. ამ ბაზრის აღდგენა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლენტეხისთვის, არამედ სხვა ქალაქებისთვისაც, გამომდინარე იქიდან, რომ ლენტეხში ამოდიოდა სხვადასხვა ქალაქებიდან ხალხი და ჩვენთან მოყვანილ ბიოპროდუქციას ყიდულობდა“, - განმარტა გია ონიანმა.

მისივე ინფორმაციით, ლენტეხის აგრარული ბაზრის პროექტი არის 104 ათასი ლარის ღირებულების, თანადაფინანსება ხდება 75 ათასი ლარით. პროექტის განხორციელების ვადა 2 თვე-ნახევარია.

ბიზნესპარტნიორი