„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ სპორტული კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. ის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტალახაძე ვარჯიშს უკვე მეორე თვეა განაგრძობს. მისი მთავარი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის სალიცენზიო ქულის მოპოვებაა.

„მეორე თვეა ვვარჯიშობ, გუნდთან ერთად ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომელიმე შეჯიბრში ჩავერთვები და შევეცდები, ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვო. წელს მსოფლიო ჩემპიონატიც გვაქვს, სადაც გამოსვლას ვგეგმავ, რადგან ეს უკვე სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატია და თითოეულ ჩვენგანს, ვისაც ოლიმპიადაზე მონაწილეობა გვინდა, ლიცენზია გვესაჭიროება“, - განაცხადა ტალახაძემ.

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩინეთში 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე ჩატარდება. მანამდე, 12-19 ოქტომბერს, ალბანეთი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს.