"WhatsApp ანგარიშებზე დაფიქსირდა შეღწევა მაღალტექნოლოგიური ჯაშუშური პროგრამით, რომლის მწარმოებელია ისრაელის ტექნოლოგიური კომპანია Paragon Solutions", - წერს სოციალურ ქსელში კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

მისივე ინფორმაციით, კომპრომეტირებული ანგარიშების რაოდენობა და გეოგრაფია უცნობია; სამიზნე ჯგუფი, არსებული მონაცემებით არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები არიან.

"ასეთ პროგრამებს , როგორც წესი, მწარმოებლები სახელმწიფო სააგენტოებს მიაწვდიან ხოლმე, ტერორიზმთან და კრიმინალთან ბრძოლის მიზნით, თუმცა, ხშირია პროლიფერაციის შემთხვევები .

Paragon Solutions-ი, Intellexa და NSO Group-ისგან განსხვავებით, აქამდე არ ყოფილა მხილებული კომერციული ჯაშუშური პროგრამის უკონტროლოდ გავრცელებაში და ამ მხრივ საიმედო პარტნიორად ითვლებოდა სახელმწიფო უწყებებისთვის. მაგალითად, NSO Group-ი იყო ცნობილი მაღალტექნოლოგიური ჯაშუშური პროგრამის Pegasus მწარმოებელი, რომელიც აღმოჩნდა ავტორიტარული რეჟიმების ხელში და გამოიყენებოდა ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ ფარული მიყურადებისათვის.

ამგვარი ჯაშუშური პროგრამას მობილურ ტელეფონში ან კომპიუტერში მოხვედრისას წვდომა აქვს მიმოწერაზე, ინფორმაციაზე, ხმოვან, ვიდეო და ფოტოფაილებზე, ასევე, ახდენს გადაადგილების თრეკინგს და კამერის და მიკროფონის გააქტიურებას.

ისინი იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ რაიმე ზოგადი ნიშნებით ან ინდიკატორებით (გაცხელება, ხმის გაორება, შენელება etc.) მათი ტელეფონში აღმოჩენა შეუძლებელია, ამიტომაც, ზოგადი რეკომენდაცია იქნება, მოვერიდოთ მგრძნობიარე მიმოწერას და განსაკუთრებით, მგრძნობიარე ფაილების გაგზავნას WhatsApp-ის მეშვეობით.

განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ უცნობი ან ნაცნობი ჩატებიდან pdf ფაილების ჩამოტვირთვას , რადგან ეს ვირუსი ჯგუფებში ამგვარი ფაილების დაგზავნით გავრცელდა. იმედია, კომპანია მალე გამოუშვებს შესაბამის განახლებებს.

საქართველოში WhatsApp გამოიყენება როგორც კერძო მიმოწერისთვის, ასევე ბიზნესისა და სამთავრობო ჩატებისთვისაც", - წერს ანდრო გოცირიძე.