რეგულირების სააგენტოს სჭირდება ბევრი ინსპექტორი, რომელსაც ექნება კვალიფიკაცია, რათა არსებული მდგომარეობა დადგენილ კრიტერიუმებსა და სტანდარტებს შეადაროს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ამისთვის ჩვენთან მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, შესაძლებელია, სამედიცინო განათლებაც და შესაძლებელია, სხვა ტიპის განათლება, როცა ფინანსებს ეხება საქმე. ეს არის ინსპექტორების პირველი რგოლი, რომელიც აფასებს და ეს არის პირდაპირ სიასთან შედარება. როდესაც ვნახულობთ, რომ მაგალითად, ეს კალამი აქ უნდა იდოს, თუ იქ, ეს არის ძალიან მარტივი შესაფასებელი. შემდეგ უკვე არის მეტად კომპლექსური საკითხები, როდესაც საქმე ეხება მაგალითად, პაციენტის გარდაცვალების მიზეზის დადგენას. რა თქმა უნდა, ეს სრულიად სცილდება ინსპექტორის ფუნქციებსა და ინსპექტორის მოვალეობაა, დოკუმენტაცია შეაფასოს, მოიტანოს ეს დოკუმენტაცია სააგენტოში და შემდეგ უკვე ამაში ერთვება რეცეზენტებისა და ექსპერტების მთელი არმია, რომელიც რეგულირების სააგენტოსთან მუშაობს, რათა შინაარსობრივად შეისწავლოს, კლინიკური შემთხვევა რამდენად სწორად იმართა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ განცხადებით თამარ გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არსებობს იმის რესურსი, რომ მოხდეს მაღალკვალიფიციური გუნდების ჩამოყალიბება, რომლებიც კლინიკებს შეამოწმებენ.