კერძო კლინიკების ნაწილი 2025 წლისთვის დაგეგმილი სავალდებულო აკრედიტაციის ვადების გადახედვას ითხოვს. კერძოდ, მათი სურვილია, სამინისტრომ რეგულაცია 3-დან 5 წლამდე პერიოდით გადადოს. ამის შესახებ საუბარი იყო 22 ივლისს გამართულ შეკრებაზე, რომლის მონაწილეებმაც სამინისტროს შესაბამისი წერილით მიმართეს.

კლინიკების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგულაცია მცირე ზომის კლინიკების დიდ ნაწილს დახურვის ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან იძულებითი გაერთიანების საფრთხის წინაშე აყენებს.

კლინიკა „გიდმედის“ ხელმძღვანელის გივი ჩიგობავას თქმით, თუკი საუბარია გაერთიანებაზე,  რეგულაციის 3-5 წლით გადადების შემთხვევაში,  ჯანდაცვის სამინისტროს არბიტრობით, კლინიკები მოახერხებდნენ გაერთიანებას ან საქმიანობის გადაწყობას.

კლინიკა „რემედიქალის“ დირექტორი ცოტნე აბაშიძე jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ „დიარჯის“ ამოქმედებამ დარგი პრობლემების წინაშე დააყენა და ამის მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთი ოპერაცია - პერიტონეუმის რეზექცია, რომელსაც ონკოპაციენტებს უკეთებენ.

„ეს ოპერაცია 18 ათასი ლარი ღირდა, „დიარჯით" კი 5 ათასი ლარი გახდა. ამიტომ 6 თვეა ამ ოპერაციას ვეღარ ვაკეთებთ. ორი პაციენტი, რომელსაც სჭირდებოდა ეს ოპერაცია, „რეფერალური პროგრამის“ დაფინანსებით, თურქეთში გაემგზავრა ამ ოპერაციის გასაკეთებლად. ეს თანხები, რომლებიც ასევე ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, არ შემოდის სექტორში და თურქეთში გაედინება,“ - განაცხადა ცოტნე აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ამ პრობლემებს კიდევ უფრო გაართულებს აკრედიტაციის ვალდებულება, რომელიც 2025 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გაეგზავნა წერილი, სადაც დარგი ამ პრობლემებზე საუბრობს, თუმცა „რემედიქალის“ დირექტორს არ აქვს მოლოდინი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლიდან სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

2023 წლის 31 დეკემბრამდე კი კლინიკებმა სამინისტროს უნდა წარუდგინონ აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ინფორმაცია მიაწოდოს მიმდინარე სერტიფიცირების  პროცესის შესახებ.

აკრედიტაცია კლინიკებს ინფრასტრუქტურის, მედპერსონალისა და მომსახურების ხარისხის კუთხით არაერთ მოთხოვნას უყენებს.

„ჯანდაცვა“