კერძო სკოლებზე გადასახადები ყოველწლიურად მზარდია. სასკოლო ინფრასტრუქტურა, შემეცნებითი წრეები, მოსწავლეთა მცირე კონტიგენტი და ბევრი სხვა რამ მშობლებისთვის მისაღებია. მიუხედავად კომფორტისა, საჯარო და კერძო სკოლები სწავლის დონით ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან და მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებზე ერთნაირი შედეგები აქვთ. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება კერძო სკოლებში არსებული გადასახადები სწავლის ხარისხს? ფაქტია, საქართველოში სწავლების დონე არ ამაღლებულა. კერძო სკოლის აბიტურიენტებსაც, საჯაროს მსგავსად, რეპეტიტორთან მომზადება სჭირდება.
სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სანამ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები არ მოხდება, მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება და წლების შემდეგაც სურათი იგივე იქნება. იზრდება გადასახადები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, მაგრამ განათლების კუთხით მსოფლიოში საშუალო დონესაც არ ვაკამყოფილებთ. აკადემიკოსმა ზურაბ ვახანია ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო სკოლებში განათლების ხარისხი გადასახადთან შესაბამისობაში არ მოდის და ხშირად ძალიან აცდენილია.
,,კერძო სკოლებში განათლების ხარისხი ფასზე სულაც არ არის დამოკიდებული. იქ აქცენტი გაკეთებულია ინფრასტრუქტურაზე, დამატებით კლასგარეშე მომსახურებაზე, რაც ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ტარიფებიც სწორედ სხვადასხვა ტიპის აქტივობაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება, ცოდნას, სწავლა ფასის შესაბამისი არაა. საერთოდ, განათლება საბაზრო პრინციპებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. განათლება მოგებაზე არ უნდა იყოს გათვლილი. თუკი ძირფესვიანად ააწყობ ყველაფერს, ის მოგებას არ დაგიტოვებს. ჩვენთან პირიქითაა. ფასიანი საგანმანათლებლო დაწესებულებები დიდ მოგებას ტოვებენ, რაც იმის ნიშანია, რომ რაღაც კარგად არ კეთდება.
საბაზრო პრინციპით შედეგს ვერ მივიღებთ. სანამ ამ პრინციპით მუშაობს განათლების სისტემა, მანამ შედეგი არ გვექნება. ეს მარტო კერძო სკოლების პრობლემა არაა. ერთ-ერთი დიდი ნაკლი ჩვენი განათლების სისტემისა, უვარგისი სახელმძღვანელოებია. წიგნების კონკურსს და გრიფირებას სამინისტრო ატარებს, მაგრამ ხარისხზე აქცენტი არ კეთდება. ნეპოტიზმიც ცალკე პრობლემაა. მაგრამ მთავარი მაინც გრიფირების წესდებაა. ის ისეა აწყობილი, რომ გადამწყვეტი როლი ფინანსურ საკითხებს ენიჭება", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ზურა ვახანიამ.
არადა, განათლების სფეროში უპირველესი სწავლის ხარისხზე ორიენტირება უნდა იყოს. აკადემიკოსის შეფასებით, მასწავლებელი თავისით ვერაფერს შეცვლის. ის არც არის ვალდებული რამე ეძიოს.
,,განათლებას საკმაოდ დიდი დაფინანსება აქვს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ციფრულ ტექნოლოგიებზე უამრავი თანხა დაიხარჯა და მასწავლებელს მაინც არ აქვს იმის საშუალება, რაც სჭირდება ის საკითხი მარტივად მოიძიოს. სარულყოფილ განათლებაზე საუბარი ხომ ზედმეტია. მართალია, ამ მიმართულებით მსოფლიოში ყველგან პრობლემებია, მაგრამ ჩვენთან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. კვლევები ცხადყოფს, რომ საშუალო დონეზე დაბლა ვართ, ყაზახეთი და სომხეთი გვისწრებს.
სანამ განათლება კომერციაზე იქნება დამყარებული და ნეპოტიზმი იარსებებს სფერო ვერ განვითარდება. პრობლემათა მთელი სქემაა. ყოვლად უვარგისია ეროვნული სასწავლო გეგმაც. ამ ვითარებაში სწავლების ხარისხი კერძო სკოლეში საჯაროზე მაღალი არც იქნება. ზოგიერთ კერძო სკოლაში, მართალია შედარებით კარგი დონეა, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ზურა ვახანიამ.
კერძო სკოლაში მიღებული განათლება ფასთან შესაბამისობაში, რომ არ არის ამაზე მშობლებიც ჩივიან. განათლების სფეროს ექსპერტი მუხრან გულიაშვილიც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კერძო სექტორში არსებული გადასახადები და სწავლების დონე ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის.
,,კერძო სკოლებში არსებული გადასახადები სწავლების დონესთან შეუსაბამოა. თუ ოჯახიც შეძლებულია, ხშირ შემთხვევაში თვითონ მიმართავს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ზოგსაც პრესტიჟისთვის შეჰყავს შვილი იქ. ზოგადად, ასეთ სკოლებში ერთი და იგივე სწავლების დონეა.
ბევრი კერძო სკოლის აბიტურიენტი მაინც დამატებით ემზადება ეროვნული გამოცდისთვის. ჩემი, როგორც მშობლის სუბიექტური აზრია, რომ კერძო სკოლისთვის თანხებს არ დავხარჯავდი. დავზოგავდი ფინანსებს და ბავშვს სხვადასხვა წრეებზე ვატარებდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად, ცოდნას იმ თანხის შესაბამისს ვერ იძლევა, რასაც მშობლები იხდიან.
აშკარაა, რომ ბავშვის მიერ მიღებული განათლება და დახარჯული სახსრები ერთმანეთთან შეუსაბამოა. კერძო სკოლა მეტი კომფორტია მოსწავლისთვის, მაგრამ ვფიქრობ, მოზარდი ყველანაირ სიტუაციას უნდა ერგებოდეს და ეჩვეოდეს. არიან მშობლების კატეგორია, რომლებიც სხვების დასანახად, პრესტიჟის მისაღებად კერძო დაწესებულებებში ასწავლიან ბავშვებს, თუმცა ფაქტია, განათლების დონით კერძო სკოლები არ ამართლებენ", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" გულიაშვილმა.
რასაკვირველია არჩევანი მშობელზეა, თუ სად მიაბარებს შვილს, მაგრამ როგორც მუხრან გულიაშვილმა აღნიშნა, ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ კერძო და საჯარო სკოლები ერთმანეთს უტოლდება.
,,კვლევებმა აჩვენა, რომ წერა-კითხვის გააზრება საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებში საშუალოზე დაბალი იყო. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კერძო დაწესებულებებს, საჯაროსთან შედარებით, კლასში მცირე კონტიგენტი ჰყავთ და წესით, შედეგსაც უკეთესს უნდა დებდნენ. სინამდვილეში კი ასე არ არის.
არსებული პრობლემის მიზეზი, განათლების სისტემის არასწორი მუშაობის შედეგია. ვინც გეგმავს და მართავს სისტემას 10 წლით წინ უნდა იხედებოდეს. ბოლო წლებში სრული ქაოსია. თითქმის 5-ჯერ დაიწყეს რეფორმა. ყველა ახალი მინისტრი თავის წინმორბედს კილავს. ასე წინ ვერ წავალთ.
მე რომ არჩევანის წინაშე ვიდგე, ამდენ ფულს კერძო სკოლაში არ გადავიხდიდი. ორივე სეგმენტი თანაბარ ცოდნას იძლევა. სხვა მიმართულებებს რაც შეეხება, ინდივიდუალურადაც შეგვიძლია ბავშვი განვავითაროთ", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" მუხრან გულიაშვილმა.