რუსეთში საავტომობილო გადაზიდვების ხარჯების ზრდისა და მომგებიანობის მკვეთრი შემცირების გამო, სატრანსპორტო კომპანიები გაკოტრების და ლიკვიდაციის წინაშე აღმოჩნდნენ, შედეგად, ასეთმა კომპანიებმა ადგილობრივი გადაზიდვების ბაზრის ტოვება დაიწყეს – ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს.
„რუსეთში მიმდინარე ტენდენციის მიზეზები მოითხოვს სათანადო შესწავლას და გაანალიზებას, რათა ქართველი გადამზიდავი, რომელიც სატარიფო მდგენელით მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის გადაზიდვების ბაზართან, სრულად იყოს ინფორმირებული მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და არ აღმოჩნდეს ანალოგიური სირთულეების წინაშე.
სადღეისოდ რუსეთში „სატვირთო გადაზიდვების საქმიანობის და სატრანსპორტო მომსახურების“ კატეგორიაში რეგისტრირებულია 458.2 ათასი იურიდიული პირი, რომელთაგან 6.7 ათასი ლიკვიდაციის ან გაკოტრების პროცესშია.
ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ტენდენცია ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად ფიქსირდება. უფრო მეტიც, 2026 წელს რუსეთის გადამზიდავი კომპანიების სულ მცირე 7%-ის ბაზრიდან გასვლას პროგნოზირებენ.
კომპანიების გაკოტრების და ლიკვიდაციის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად გადაზიდვების ტარიფების მკვეთრი შემცირება სახელდება, რომელიც 2025 წლის თებერვლიდან უფრო შესამჩნევი გახდა.
რუსეთის მსხვილი გადამზიდავი კომპანიების ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2025 წლის მაისიდან საშუალო ტარიფმა ერთ კილომეტრზე 76 რუბლი შეადგინა, ხოლო ხარჯებმა 85 რუბლს მიაღწია.
პრაქტიკულად, გადამზიდავების ხარჯები 2025 წლის პირველ ნახევარში საწვავის, მარაგ ნაწილების და სატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვის და მძღოლების ხელფასების მომატების გამო 15%-ით გაიზარდა.
ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება საქართველოს სატრანსპორტო ბაზარზეც, როდესაც ამ პერიოდში საწვავის გაძვირების კვალდაკვალ საგრძნობლად გაიზარდა ადგილობრივ ბრენდირებულ სერვის ცენტრებში მომსახურება, რამაც უბიძგა ქართველ გადამზიდავს ბრენდირებული სერვის ცენტრები კუსტარულად აღმოცენებული სარემონტო საწარმოებით ჩაენაცვლებინა.
ამ პრობლემების ფონზე რუსეთში გადამზიდავებს სულ უფრო უჭირთ ლიზინგის საფასურის და საბანკო კრედიტების გადახდა. შედეგად, 2024 წლის ბოლოდან რუსეთის ბაზარზე ლიზინგით აღებული სატრანსპორტო საშუალებების მასიური ჩამორთმევის პროცესი შეინიშნება.
მაგალითად, ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 2025 წლის ივნისიდან ყოველთვიურად 20%-ით იზრდება.
გარკვეული პარალელის გავლება საქართველოს რეალობაშიცაა შესაძლებელი, როდესაც გადამზიდავი, მოახლოებული საბანკო კრედიტის დაფარვის მიზნით, ხშირად საკუთარი მოგების მინიმიზაციის და შემცირებული ტარიფით გადაზიდვის განხორციელების ხარჯზე, დემპინგურ გადაზიდვას ახორციელებს, რითაც უპირველეს ყოვლისა საერთო ბაზრის ჩამონგრევას უწყობს ხელს.
საქართველოში, რუსეთისგან განსხვავებით, ლიზინგი ნაკლებად გამოიყენება – ძირითადად სატრანსპორტო საშუალებები საბანკო კრედიტითაა შეძენილი. შესაბამისად, სადღეისოდ სოციალურ ქსელში სესხის დროულად გადაუხდელობის გამო სატრანსპორტო საშუალებები განახევრებულ ფასებში იყიდება, რაც უპირველეს ყოვლისა ხარჯების ზრდით და რენტაბელობის შემცირებითაა განპირობებული.
რა ელის გადაზიდვების ინდუსტრიას? ეს კითხვა აქტიურად განიხილება სხვადასხვა წრეში.
ექსპერთა პროგნოზებით, რენტაბელობის შემცირება განსაკუთრებით მსხვილ სატრანსპორტო კომპანიებზე იმოქმედებს, რომლებსაც აგრეგირებული საბანკო თუ სალიზინგო დიდი ვალის გამო გაუჭირდებათ გაზრდილი ვალდებულებების შესრულება.
რუსეთის რეალობაში კომპანიების ბაზრიდან გასვლაზე დამატებით ზეწოლას ახდენს სატრანსპორტო საშუალების უტილიზაციის საფასურის ზრდა, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან 20 ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთო მანქანისთვის კიდევ 10%-ით გაიზრდება და თითქმის 3 მილიონ რუბლს შეადგენს.
საქართველოში ანალოგიური გადასახადი არ არსებობს, მაგრამ მის შემოღებაზე მიდის საუბარი.
საქართველოს რეალობაში უტილიზაციის გადასახადი თბილისის ფარგლებში დაწესებულ საათებში დარღვევისათვის გაზრდილი 1000 ლარიანი ჯარიმით კომპენსირდება, რაც მცირე გადამზიდავების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამას ემატება ბოლო წლევში საზღვარზე პარკის გადასახადის 2.6 ჯერ 30 ლარიდან 80 ლარამდე გაძვირება.
რა გამოსავალი არსებობს? რუსეთში გადამზიდავებს სახელმწიფო პროგრამის „ინდუსტრიის განვითარება და მისი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების“ ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ შეღავათიან ფასებში შეიძინონ ადგილობრივი წარმოების აღჭურვილობა.
ფედერალური ბიუჯეტიდან 2025 – 2027 წლებში ამ მიზნით ყოველწლიურად 27 მილიარდი რუბლია გამოყოფილი.
ექსპერტთა ვარაუდით, სიტუაცია ყოვლისმომცველ გადაწყვეტას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, ავტოპარკის განახლებისთვის სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია დამატებითი ხელშემწყობი ზომების მიღება, როგორიცაა შეღავათიანი ლიზინგის პროგრამები ან საბანკო საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება.
რუსეთში ერთ-ერთ გამოსავლად ხელისუფლება ბიზნესს გადასახადების გადავადებას სთავაზობს, პარალელურად განიხილავს ზომებს ლიზინგის გადასახადების შესამსუბუქებლად, ასევე ავტოპარკის განახლების წასახალისებლად დამატებითი ღონისძიებების შემუშავებას.
საქართველოში არსებობს პროგრამა „აწარმოე საქართველო“, რომლის ფარგლებში შეღავათები ვრცელდება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მექანიზაციაზე და სამაცივრო დანადგარებზე და გადაზიდვებში ჩართულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
ამ მიზნით, აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის გადაზიდვების ბიზნესში ჩართული სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მისადაგება და გადაზიდვების დარგში ამ ტიპის პროგრამის გამოყენება.
სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომის დანერგვა გადამზიდავებს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად გაიარონ გარდამავალი პერიოდი და გაზარდონ საკუთარი კომპანიის რენტაბელობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.