2025 წლის 10 თვეში ბათუმში 801.2 მლნ დოლარის ღირებულების 13 654 ბინა გაიყიდა. Colliers Georgia-ს განახლებული ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, გაყიდული ბინების ღირებულება წლიურად 31%-ით, უძრავი ქონების ტრანზაქციები კი 14%-ით გაიზარდა.

მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 16.5%-ით გაიზარდა და მ²-ის -ზე 1,292 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად პირველადმა ბაზარმა მოახდინა, სადაც მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ოქტომბერში ბათუმში 1,625 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ოქტომბერში არსებულ ტრანზაქციებს 14.2%-ით მეტია. 

„ბათუმში, ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 14.9%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 21.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ორ მსხვილ პროექტში ერთიანად დარეგისტრირდა წლების განმავლობაში გაყიდული ბინები (125-მდე ტრანზაქცია), რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 9.4%-ით მოიმატა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, - ნათქვამია მიმოხილვაში.