კახეთის რეგიონში, 21 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, ასევე პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცხრა საბავშვო ბაღს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს 21 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება. 8 საბავშვო ბაღზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, 6 პროექტი ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა, ხოლო დარჩენილ 7 ბაღზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.