23 იანვარს, Christie’s-ის სააუქციონო სახლი ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლის იუბილეს აღნიშნავს ყველაზე მასშტაბური ამერიკული კვირეულით, რომლის ფარგლებშიც ჯორჯ ვაშინგტონის ერთ-ერთი პორტრეტი გაიყიდება. პორტრეტი აშშ-ს მეოთხე პრეზიდენტის ჯეიმს მედისონის დაკვეთით გილბერტ სტიუარდმა შექმნა. წინასწარი მოლოდინით პორტრეტის საბოლოო ფასი აუქციონზე $500,000-დან $1 მილიონამდე იქნება.

სტიუარდი ვაშინგტონის არაერთი პორტრეტითაა ცნობილი, ვაშინგტონის სახეს დღეს სწორედ მისი ნამუშევრებიდან ვიცნობთ. “ვაშინგტონს მხატვრებისთვის პოზიორობა არ უყვარდა, ეს ცნობილი ფაქტია”, განმარტა მარტა ვილობიმ, Christie’s-ის ამერიკული დეპარტამენტის სპეციალისტმა. “თავმდაბალი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ თვით პროცესიც საკმაოდ მოსაწყენია.”
სტუარდმა ვაშინგტონი პირველად 1795 წელს დახატა, ე.წ. ვოგანური(Vaughan-type) პორტრეტი, რომელიც ვაშინგტონის სახეს მარჯვენა მხრიდან ასახავს, თუმცა მხატვარი ნამუშევრით არ იყო კმაყოფილი და ამის შემდეგ ვაშინგტონის კიდევ ორი პორტრეტი შექმნა.
ყველაზე ცნობილი ე.წ. ატენეუმური( Athenaeum) პორტრეტია, რომელიც ვაშინგტონის სახეს მარცხენა მხრიდან ასახავს, ნახატი მარტა ვაშინგტონის დაკვეთა იყო. თუმცა სტუარდმა ნამუშევარი არ დაასრულა, არც მარტასთვის გადაუცია დაუსრულებელი ტილო, თავისთვის დაიტოვა და რეპლიკებს ქმნიდა მსურველებისთვის, რომლებსაც ზედმეტ სახელად მის “100 დოლარიანებს” ეძახდა.
სწორედ ამ ყველაზე ცნობილი პორტრეტის სტუარდის მიერვე შექმნილი ასლი გაიყიდება 23 იანვარს აუქციონზე. ჯამში პორტრეტის 75 ასლის შესახებაა ცნობილი და Christie’s-ის განმარტებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ბაზარზე 8 გავიდა გასაყიდად, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული $1.06 მილიონად გაიყიდა 2015 წელს, მოლოდინია, რომ წელს ეს რეკორდი მოიხსნება. ნახატის ორიგინალი დაუსრულებელი ვერსია, კი აშშ-ის სახელმწიფო საკუთრებაშია.