როგორ ტექნიკურ მდგომარეობაშია საქართველოში არსებული ავტობუსები და მიკროავტობუსები და რამდენად დაცულია მგზავრების უსაფრთხოება. ამ თემასთან დაკავშირებით „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა ისაუბრა. სწორედ მისმა ასოციაციამ გაავრცელა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია, რომ საქართველოში რეგისტრირებული 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსიდან ტექინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560.


დავით მესხიშვილის განცხადებით, ტრანსპორტის უმრავლესობა კუსტარულად გადაკეთებულია, რათა უფრო მეტი ტევადობა ჰქონდეს, ამას ზემოდან ემატება სხვა ტექნიკური გაუმართაობებიც, რაც ქვეყანაში არაერთი ტრაგედიის მიზეზი გახდა. მესხიშვილის თქმით, საჭიროა ავტოსადგურების საკითხის მოწესრიგებაც.


„ეს საკითხი ორად იყოფა, ერთი არის კანონიერი სადგურები, რომლებიც ნებართვით ფუნქციონირებენ, თუმცა მათზე კონტროლიც ძალიან სუსტია და სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ მათ შესამოწმებლად საჭიროა სასამართლოს ნებართვა და ა.შ.  ეს ავტოსადგურებიც ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ მოთხოვნებს.  თვითონ ამ  ავტოსადგურებს ჰყავთ მიკროავტობუსები და თავის თავს ხომ არ შეამოწმებენ, ინტერესთა კონფლიქტია. ავტოსადგური უნდა იყოს გამშვები პუნქტი და არა მგზავრების გადამყვანი. ის უნდა იყოს ერთ-ერთი მაკონტროლებელი რგოლი, რომ ნახოს ტექინსპექტირება თუ აქვს გავლილი, კუსტარულად ხომ არაა გადაკეთებული, მძღოლის ჯანმრთელობა და ა.შ

მეორე ნაწილია თვითორგანიზებული უკანონო ავტოსადგურები, რომელიც მთლიანად ჩრდილოვანია, ვინ არიან, ვინ გადაჰყავთ, სად გადაჰყავთ, გვსმენია, რომ ზოგჯერ მძღოლებს შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.


რა მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ გარკვეულწილად იძულება მოხდეს მძღოლების, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ტექინსპექტირება გაატარონ - როგორც დავით მესხიშვილი ამბობს მისი ასოციაციის  მხარდაჭერა აქვს რეფორმას, რომელიც ამ სექტორში იგეგმება.

„პირველი რგოლი უნდა იყოს სადგურები და თავად სადგურები უნდა აკონტროლებდეს ხარისხს, მეორე არის ტექინსპექტირება, სადაც სამწუხაროდ კვლავ გვაქვს რეალობა, რომ მძღოლი ყოველთვიურად იხდის ჯარიმას და ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტით გადაჰყავს მგზავრები, ანუ ჯარიმას იხდის იმიტომ რომ იყიდოს ე.წ დარღვევა და მგზავრების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის ხარჯზე აკეთოს ფული - ამას სხვა ფორმულირება არ აქვს. მხოლოდ საჯარიმო სანქციებით ფონს ვერ გავალთ ეს არის ერთი რგოლი, მეორე რგოლი აუცილებლადაა ცნობიერების ამაღლება. ტექინსპექტირების რეფორმა რომ დაიწყო არასაკმარისი იყო ცნობიერების ამაღლების კამპანიები, შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს რაში მჭირდება, რომ თქვენ მასწავლოთ ტექინსპექტირება საჭიროა თუ არაო, მაგრამ ყველას გვჭირდება გავიაზროთ - ტექინსპექტირება ეს არის სადამსჯელო პროცესი, თუ ჩვენზეა ორიენტირებული და ჩვენი სიცოცხლისთვისაა მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა დავით მესხიშვილმა