„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ პროფესიული კავშირების გაერთიანებას კონსულტაციისა და იურიდიული დახმარებისთვის ჯამში 98-მა ადამიანმა მიმართა. კავშირში აცხადებენ, რომ მათი ნაწილი გათავისუფლებულია, ნაწილი კი კანონის ახალ ნორმებთან დაკავშირებით განმარტებებსა და კონსულტაციებს ითხოვს. მათ შორის არიან იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების თანამშრომლები, ასევე თბილისისა და სხვა ქალაქების მერიებში და თვითმმართველობებში დასაქმებულები.

,,იანვრიდან მოყოლებული კონსულტაციისთვის 98-მა ადამიანმა მოგვმართა. ყველა მათგანი არ არის გათავისუფლებული. ჯერ კიდევ კანონპროექტის ეტაპზე (შარშან დეკემბერში) საჯარო მოხელეების მხრიდან მომართვიანობა კონსულტაციისთვის გაიზარდა. აინტერესებდათ კანონი როგორ აისახებოდა მათზე, რა უნდა გაეთვალისწინებინათ წინსწრებით, რომ მზად დახვედროდნენ. როგორც კი გასაჯაროვდა, რომ არსებობდა კანონპროექტი მაშინვე მოიმატა მომართვიანობამ კონსულტაციების მიზნით. ჩვენ კონსულტაციებზე უარი არავისთვის არ გვითქვამს და ყველამ მიიღო შესაბამისი კონსულტაცია. იუსტიციის სახლიდან შემოგვეხმიანა ძალიან ბევრი და ზოგადად, იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე უწყებებიდან. ასევე თბილისის მერიიდან, რეგიონებიდან, თვითმმართველობებიდან და მერიებიდან. რეალურად მთელი ქვეყანა მოიცა და არა მხოლოდ თბილისი. კონსულტაციების დროს აინტერესებთ ახალი კანონის ამოქმედების ეტაპზე რა არის ის ცვლილებები რაც პოტენციურად შეიძლება აისახოს მათზე და დღის წესრიგში თუ დადგა გათავისუფლების საკითხი, რა უნდა გაითვალისწინონ წინსწრებით. აინტერესებთ სასამართლოს პერსპექტივაც.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი.

პროფკავშირების გაერთიანება გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. საქმეების სასამართლოში წარსადგენად მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ეს საქმეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათავისუფლებებს არ უკავშირდება. საჯარო მოხელეები ძირითადად რეორგანიზაციისა და ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს.

,,რამდენიმე საქმე ემზადება სასამართლოში წარსადგენად, მაგრამ ეს საქმეები არ უკავშირდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათავისუფლებებს. ეს არის უმეტესობა რეორგანიზაციაზე მითითებით გათავისუფლებები. არის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებები. მათ შორის, გამოსაცდელ ვადაში. ჯამში რამდენი ადამიანი გათავისუფლდა ინფორმაცია არ გვაქვს. მოვიკითხეთ და ვცდილობთ, რომ მეტ-ნაკლებად ზუსტი მონაცემი გვქონდეს, მაგრამ ასეთი ზუსტი სტატისტიკა სამწუხაროდ არ არსებობს ახლა. უმეტესად მითითება არის რეორგანიზაციაზე, მაგრამ გვქონდა შემთხვევები, როდესაც საქმე ეხება ხელშეკრულებების ვადის გასვლას. მაგალითად სსიპ-ებიდან. მათ შორის გამოსაცდელ ვადაში გათავისუფლებები ასეთი მომართვიანობებიც გვაქვს. მაგრამ, ჩვენ არ გვქონია კონკრეტულად ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევა. ასეთი დავა არ გვაქვს ამ ეტაპზე.’’- განმარტავს რაისა ლიპარტელიანი.

პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის საჭიროება დასაბუთებული არ არის. დასაბუთებული არ არის ასევე კონკრეტულ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება. სწორედ ამ საკითხზე წარიმართება სასამართლოში დავა. რაისა ლიპარტელიანს უჭირს წინასწარ მოლოდინებზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს სასამართლომ, რადგან საკანონმდებლო ნორმები ახალი ამოქმედებულია და სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკა ჯერ არ აქვს.

,,სასამართლოში სწორედ ამაზე ვდავობთ, რომ არ არსებობდა რეორგანიზაციის საჭიროება და არც დასაბუთება, თუ კონკრეტულად ამ ადამიანთან რატომ უნდა მომხდარიყო შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა. რაც შეეხება როგორი პერსპექტივა ექნება სასამართლოს, ჩვენ წინასწარ ვერ ვიტყვით. საერთო დაკვირვებით, რაც შემოგვივიდა დავები, შეგვიძლია ვთქვათ რომ რეორგანიზაცია არ არის შესაბამისად დასაბუთებული და არც კონკრეტულ ადამიანთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის აუცილებლობა. სასამართლო დავების ნაწილში ბოლო წლებში შრომით დავებზე გვაქვს მკვეთრად გაუმჯობესებული პრაქტიკა, თუმცა ამ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან რთულია კონკრეტული პროგნოზი, როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებები, რადგან ეს ახალი ნორმებია და ჯერჯერობით კონკრეტულ პრაქტიკაზე ვერ მივუთითებთ. საჭიროა დრო, რომ ახალ დებულებებთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკა ჩამოყალიბდეს.''- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.