წინასწარ ჯავშნებს აქტიურად ვიღებთ, მარტში სასტუმროს 70% უკვე დაჯავშნილია, - ამის შესახებ Gudauri Lodge-ს დირექტორმა ანდრო ვლასოვმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, ჯავშნების 100% უცხოეთიდან არის. ანდრო ვლასოვის განმარტებით, სასტუმროს მომხმარებლები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან არიან.

"2024 წელი ჩვენი სასტუმროსთვის ძალიან წარმატებული იყო. 50%-იანი დატვირთულობით დავხურეთ წელი. ახალი წლის პერიოდში სასტუმრო 100%-ით დატვირთული იყო. გამომდინარე იქიდან, რომ გუდაური ზამთრის კურორტია, ჩვენი სასტუმრო ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად, მაქსიმალური დატვირთულობით მუშაობს და მარტშიც ძალიან კარგ შედეგებს ველოდებით.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონს - მოგეხსენებათ, გუდაური ზაფხულის სეზონზე აქტიური კურორტი არ არის და ამ პერიოდში მაღალი დატვირთულობის მოლოდინი არასდროს გვქონია. შესაბამისად, სავარაუდოდ, ისეთივე აქტივობა იქნება, როგორიც წინა წლებში იყო", - აცხადებს ანდრო ვლასოვი.

გარდა ამისა, სასტუმროს დირექტორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს სასტუმრომ ოთახების ღირებულება, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 30%-ით გაზარდა.

"ბუნებრივია, მოთხოვნა არის და ფასიც იზრდება. საკმაოდ მარტივად გამოგვივიდა ამის გაკეთება, რადგან ძალიან მაღალი მოთხოვნაა ჩვენს სასტუმროზე. რა თქმა უნდა, იმავეს ვერ გააკეთებენ ის სასტუმროები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ვიზიტორთა მოზიდვა უჭირთ", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ანდრო ვლასოვმა MICE ტურიზმის ტენდენციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, გუდაური აღნიშნული მიმართულების კუთხით დატვირთული არ არის.

"MICE ტურიზმის მიმართულებით მოთხოვნა არ შემოსულა, თუმცა რომც შემოსულიყო უარს ვიტყოდით, რადგან სეზონზე აქცენტს ინდივიდუალურ ჯავშნებზე ვაკეთებთ. ზაფხულის სეზონზე აღნიშნული მიმართულებით მოთხოვნა შედარებით ხშირია, თუმცა აღნიშნული მიმართულებით ძირითადად კახეთი და აჭარა მუშაობს ხოლმე. რა თქმა უნდა, გარკვეულ ჯგუფებს ხანდახან ჩვენც ვმასპინძლობთ ხოლმე", - აცხადებს სასტუმროს დირექტორი.

ცნობისთვის, გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge 121 ნომერს, სპას, მაღაზიას და 2 რესტორანს მოიცავს. 

bp.ge