უკრაინელებმა 3 წელი იბრძოლეს ნახევრად მარტოებმა, რა თქმა უნდა, მათ დასავლეთი ეხმარებოდა, თუმცა ეს არ იყო ის დახმარება არც შეიარაღებით არც ფულით, რომ ამხელა იმპერიისთვის [რუსეთი] წინააღმდეგობა გაეწიათ - ზელენსკი პუტინისგან განსხვავებით პრეზიდენტობისთვის არ იბრძვის,- ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წლისთავთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, „უკრაინელები, 3 წელია იბრძვიან და რა თქმა უნდა, ღირსეულად მიაღწიეს, რომ მათ რუსეთის აგრესია შეაჩერეს და რუსეთმა ვერ მიაღწია მიზნებს, რომელიც დასახული ჰქონდა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაშია უკრაინა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროპაც და დემოკრატიაც. რა თქმა უნდა, დასანანია, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია საკმაოდ მერყევ პოზიციას ავლენს, ანუ არ არის განწყობილი, რომ უკრაინასთან ერთად სრულად დაამარცხოს ის დრაკონი, რომელიც უტევს ევროპას და დემოკრატიას მსოფლიოში. აშშ ერთ დონეზე აყენებს როგორც უკრაინას, ისე რუსეთს და უკრაინას აგრესიის მსხვერპლად არ აღიქვამს. ეს კი შანსებს ამცირებს, რომ უახლოეს მომავალში დემოკრატიულმა ძალებმა ავტოკრატიულ რეჟიმზე გაიმარჯვოს, არა მარტო რუსეთზე.
ევროპის უმეტესი ქვეყნების დამოკიდებულებაში შეიმჩნევა ბევრად მეტი გამბედაობა, მაგრამ მთავარია, რომ უკრაინელი ხალხი არ გატყდა და მიზნები, რომლები ევროპას აქვს კვლავ დღის წესრიგში დგას.
მიუღებელია იმაზე საუბარი, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ ზელენსკი ცუდი პრეზიდენტი იყო და მან ვერ მოახერხა დიპლომატიური გზებით ომის აცილება. უკრაინას ძალიან გაუმართლა, რომ ზელენსკისნაირი პრეზიდენტი ჰყავს, რადგან ის აღმოჩნდა ძალიან ძლიერი, გამბედავი და პრაქტიკულად შეძლო წარმოუდგენელი წინააღმდეგობის თავკაცობა ამ რთულ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით უკრაინის მომავალი, სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინა გახდება ევროპაში წამყვანი სახელმწიფო და კარგი იქნება თუ მათი უახლოესი პარტნიორი ვიქნებით, ზელენსკი პუტინისგან განსხვავებით პრეზიდენტობისთვის არ იბრძვის“,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 3 წელი გავიდა. ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე, ევროპის 13 ქვეყნის ლიდერი სოლიდარობისთვისა და რუსეთის უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაგმობისთვის უკრაინაში უკვე ფინეთის, დანიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და შვედეთის და სხვა სახელმწიფოს მეთაურები იმყოფებიან.