არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღის (27 თებერვალი) წინ, განსაკუთრებულად თვალსაჩინო ხდება იმ ორგანიზაციების როლი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს — სოციალური, საგანმანათლებლო, სამედიცინო და ჰუმანიტარული მიმართულებებით — მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა ბავშვთა ჰოსპისი.
ჰოსპისის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიცაა Yandex Georgia, — აცხადებს ბავშვთა ჰოსპისის ციცინათელების ქვეყანა დირექტორი ირაკლი ვეცკო.
საქართველოში პირველი და ერთადერთი ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ 2017 წლიდან ზრუნავს მძიმე და უკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებზე. ოჯახურ გარემოსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მიდგომით ჰოსპისი ყოველდღიურად ცდილობს გააუმჯობესოს ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხი.

როგორ გაჩნდა ბავშვთა ჰოსპისის იდეა?
— იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გაჩნდა. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად პალიატიური მოვლა 18 წლამდე ასაკის 839 ბავშვს სჭირდებოდა. სწორედ ამ საჭიროებამ განაპირობა „ციცინათელების ქვეყნის“ შექმნა.
რა არის ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ და რა პრინციპით მუშაობთ?
— ჰოსპისი ოჯახური გარემოს პრინციპით ზრუნავს მძიმე, ქრონიკული, უკურნებელი და/ან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაავადებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე. ჩვენი ბენეფიციარები 0-დან 18 წლამდე ასაკის არიან.
დიაგნოზები განსხვავებულია, თუმცა ჰოსპისს მშობლები მაშინ მიმართავენ, როდესაც მედიცინა უკვე უძლურია. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ ოჯახის წევრებზეც — მათ შორის ფსიქოლოგიური მხარდაჭერით. ამასთან, ვმკურნალობთ თანმხლებ დაავადებებსაც, მაგალითად გაციებასა და სხვა მეორად პრობლემებს.
როდის გაიხსნა ჰოსპისი და რა მიმართულებებით მუშაობთ?
— საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისი 2017 წლის 17 იანვარს გავხსენით.
ჩვენი საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
სტაციონარული მომსახურება — სრული სამედიცინო დახმარება, სადაც ბავშვთან ერთად მშობელიც შეიძლება დარჩეს;
შინ მოვლის სერვისი — ექთნები ყოველდღიურად სტუმრობენ ოჯახებს და უზრუნველყოფენ საჭირო მოვლას;
დღის ცენტრი — ბავშვები დღის განმავლობაში ჰოსპისში რჩებიან და სარგებლობენ სრული მომსახურებით;
სოციალური პროგრამა — წელიწადში 24 დღე, როდესაც ბავშვი ჩვენთან იმყოფება, მშობლებს კი დასვენებისა და პირადი საქმეების მოგვარების შესაძლებლობა ეძლევათ. თბილისის ბავშვთა ჰოსპისი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს როგორც ფუნქციურად, ასევე არქიტექტურისა და დიზაინის თვალსაზრისით.
ფასიანია თუ უფასო სერვისები?
— ჰოსპისი ბავშვებს სრულიად უფასოდ ემსახურება — არც ერთი სერვისისთვის ოჯახი თანხას არ იხდის. ჩვენი ფუნქციონირება 100%-ით დამოკიდებულია ფინანსების მოძიებაზე, კერძო სექტორის დონაციებსა და კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობაზე.
უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ კომპანიასთან და ეს თანამშრომლობა ჰოსპისის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხარჯები ძალიან მაღალია — პერსონალი, შენობა, მრავალრიცხოვანი ექთნები — ამიტომ კერძო სექტორის მხარდაჭერა გადამწყვეტია. მაგალითად, Yandex Georgia გვეხმარება ფინანსურად, რაც ყოველდღიურ საქმიანობას უზრუნველყოფს, და სამგზავრო ბენეფიტებით, რის წყალობითაც ექთნებს მეტი ბავშვის მონახულება შეუძლიათ.
ასეთი კომპანიების მხარდაჭერა სწორედ ისაა, რაც ჩვენს მუშაობას შესაძლებელს ხდის. ამასთან, Yandex Go უკვე მეორე წელია ეხმარება ჰოსპისს — საქველმოქმედო აქციებიდან მიღებული თანხების გადარიცხვით და უფასო მგზავრობებით ჩვენი ბენეფიციარებისთვის. ამ დროისთვის უკვე შესრულებულია 2300-ზე მეტი ასეთი მგზავრობა.
