რამდენად აქტიური იყო დასაქმების ბაზარი 2025 წელს - რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნულ საკითხზე hr.ge-ს ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, 2025 წელს hr.ge-ზე დაახლოებით 51 ათასი ვაკანსია განთავსდა. გარკვეულ თვეებში იყო მცირედი მატება 2024 წელთან შედარებით და იყო თვეები, როცა საკმაოდ დიდი კლებაც დაფიქსირდა. უფრო ზუსტად, 2024 წლის მონაცემებით, განთავსებული იყო დაახლოებით 54 ათასი განცხადება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს ჯამში 7%-იანი კლება დაფიქსირდა.
„2025 წლის პირველი კვარტალი შედარებით პასიური იყო, მეორე კვარტალი სტაბილური, ხოლო მესამე და მეოთხე კვარტალში საკმაოდ დიდი პასიურობა დაფიქსირდა, რამაც გამოიწვია ის, რომ 2025 წელი 7%-იანი კლებით დასრულდა 2024 წელთან შედარებით“, - აცხადებს ინგა შახბაზიანი.
ინგა შახბაზიანი ასევე განმარტავს, რომ ვაკანსიების რაოდენობის ჭრილში ყველაზე აქტიური 2025 წელსაც გაყიდვების მიმართულება იყო და ჯამში 21% შეადგინა. ჰორეკა სექტორზე მოდიოდა 13%, ადმინისტრაცია 9%, სამედიცინო 8%, საბანკო სექტორი 7%, ლოგისტიკა და დისტრიბუციის ხაზი 6%, წარმოება 5% და აიტი მიმართულება 4%.
„2024 წელს რომ შევადაროთ, პირველი იყო ისევ გაყიდვები, ჰორეკა ისევ მეორეზე, თუმცა იყო მკვეთრი ვარდნა ჰორეკას მიმართულებით. სტაბილურად ამ კატეგორიას 17% ეჭირა ხოლმე, მაგრამ 2025 წელს კლება დაფიქსირდა და 13% შეადგინა. ჰორეკა სექტორის განსაკუთრებული პასიურობა აღინიშნებოდა 2025 წლის პირველ კვარტალში, მეორე საკმაოდ აქტიური გახლდათ, მესამე და მეოთხე - პასიური. დანარჩენ კატეგორიებში დიდი ცვლილება არ დაფიქსირებულა“, - ამბობს ინგა შახბაზიანი.
იმის გათვალისწინებით, რომ იანვარში ბევრი დღესასწაული და უქმე დღე იყო, დასაწყისი შედარებით პასიური აღმოჩნდა, თუმცა კომპანიებიცა და სამსახურის მაძიებლებიც ნელ-ნელა კვლავ გააქტიურდნენ.