“ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო სისხლდენები – ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტოქსინი სისხლს ათხიერებს.”

“ძალიან ბევრი აღნიშნავს თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას. თუკი ეს სიმპტომები გაგრძელდა, დაგვჭირდება თავის ტვინის ინსტრუმენტული გამოკვლევა.”

ექიმები საქართველოში ასეულობით დემონსტრანტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობენ, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებების  ზემოქმედების შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

საპროტესტო აქციის მონაწილე ლაშა ხუსკივაძე დეკემბრის იმ დღეს იხსენებს, როდესაც რუსთაველის გამზირზე გაფრქვეული დიდი რაოდენობით ე.წ. ცრემლსადენი გაზი შეისუნთქა. იმ დღეებში დემონსტრაციაში განსაკუთრებით ბევრი მოქალაქე მონაწილეობდა.

“არ შეიძლება ცრემლსადენი გაზის გამოყენება განსაკუთრებით მჭიდროდ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭყლეტა და სიკვდილიც კი. ასევე, თუ ვინმეს რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს, მათი გამწვავებაა მოსალოდნელი. ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა და ამდენ ხალხში, მეტი ეფექტისთვის, პირდაპირ შუაში ცრემლსადენი გაზის ბალონები ჩაყარა”, – იხსენებს საპროტესტო აქციის მონაწილე ლაშა ხუსკივაძე.

სწორედ ცრემლსადენი გაზის ზემოქმედებას უკავშირებს დემონსტრანტი ჯანმრთელობის პრობლემებს – თავბრუსხვევას, თავის ტკივილსა და გამუდმებულ ხველას, რომელსაც ამ დრომდე ვერაფრით უმკურნალა. ლაშამ ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მსგავსი სიმპტომები აქციის ათეულობით სხვა მონაწილესაც აღენიშნება.

“800-მდე ადამიანი გამომეხმაურა ფბ პოსტზე, რომლებსაც აღნიშნული პრობლემები აწუხებთ. ჩვენ გადავწყვიტეთ კოორდინაცია, რათა საერთო სარჩელით მივმართოთ სასამართლოს”, – ამბობს ხუსკივაძე.

სამართლებრივ დავის დაწყებამდე კი, სპეციალისტების შეფასებით, იმ დემონსტრანტების სიმპტომების აღწერა და გამოკვლევაა საჭირო, რომლებსაც ქიმიურ მოწამვლის შედეგად, სხვადასხვა სახის ჩივილები აღენიშნებათ. მონაცემებს ექიმები საკუთარი ინიციატივით, უსასყიდლოდ აგროვებენ და სწავლობენ.

“არის ბევრი ადამიანი, რომელსაც სისხლდენა, ან გახანგრძლივებული ხველა აქვს, არის ასევე თვალის პრობლემები და მუცლის ტკივილი… ჩვენ გვინდა, რომ ზოგადად შევაფასოთ ეს პაციენტები და რუტინული კვლევები ჩავატაროთ, რომლებიც შემდგომ ანალიზში მოგვეხმარება” – ამბობს პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც ე.წ. ცრემლსადენი გაზით დაზარალებულთა შესახებ კვლევის ერთ-ერთი ინიციატორია.

ქიმიური საშუალებებით დაზარალებულთა აღრიცხვა სპეციალისტებმა დეკემბერში წამოიწყეს და ინფორმაციის შესაგროვებლად სპეციალური კითხვარი შეადგინეს. იანვრის დასაწყისში ინტერნეტში ჩაშვებული ეს კითხვარი ამ დროისთვის უკვე ასეულობით დაზარალებულმა შეავსო.

“300ზე მეტმა ადამიანმა უკვე შეავსო ჩვენი კითხვარი. ჩვენ დავუკავშირდებით მათ და ვინც თანახმა იქნება, რომ ჩაიტაროს კვლევები, მათ ჩავუტარებთ.

ზედაპირულად, რასაც უკვე შევხედე მონაცემებს, მოველოდი, რომ ეხლა – ერთი თვის შემდეგ ნაკლებად ექნებოდათ ადამიანებს სიმპტომები და ჩივილები, მაგრამ, სიტყვაზე, თუ ხველა იყო დასაწყისში სადღაც 220 ადამიანთან, ახლა – 155-ს ისევ აღენიშნებოდა, – ეს ერთი თვის მერე. არ მოველოდი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ჩივილები დარჩებოდა. ამიტომ, საინტერესოა, ფილტვების, გულის, სისხლის მხრივ რა ცვლილებებია, რომ ვნახოთ. უამრავი ადამიანი წერდა ასევე სხვადასხვა ჯგუფში, რომ ცხვირიდან სისხლდენა ვერ გაიჩერა და ამიტომ სისხლის შედედების საკითხიც ამ კვლევის ერთ-ერთი საგანი იქნება. ასევე, კაპილარებიც.

იქიდან გამომდინარე, რომ თავისებური ნაერთია და მისი გამოყენება ინსტრუქციით დიდი რაოდენობით არ შეიძლება, კარგად დოკუმენტირებული სამეცნიერო საზოგადოებაშიც არ არის ინფორმაცია, როგორი ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს მას გრძელვადიანად, ამიტომ, გარდა იმისა, რომ ჩვენთან არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რა პრობლემებს ქმნის, ასევე ზოგადად არის მნიშვნელოვანი რომ სამეცნიერო საზოგადოება უკეთ ინფორმირებული იყოს და ეს მასალები გამოვაქვეყნოთ.

მონაცემთა შეგროვების ეტაპი თვის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპი უკვე პაციენტების დეტალური კვლევაა. სამედიცინო დარგობრივი ასოციაციის პრეზიდენტი მანანა ჯებაშვილი იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომლებიც, შევსებული კითხვარის მიხედვით, დემონსტრანტებს ხშირად აღენიშნებათ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან მაინც იყო სისხლდენები, რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტოქსინი სისხლს ათხიერებს იყო როგორც ცხვირიდან სისხლდენა, ასევე სისხლდენა ღებინებისას, ასევე სხვა ორგანოებიდანაც.

ერთჯერადი კაფსულა იქნება, სპრეი თუ სხვა რამ – ეს არის ერთჯერადი გამოყენების, მოგერიებისთვის და არა ასე, ორი კვირის განმავლობაში შადრევანივით რომ ასხამდნენ, თან სამი სხვადასხვა მეთოდით – ერთი იყო კაფსულა, მეორე სპრეი და მესამე წყლის ჭავლში შერევა, რაც იყო ყველაზე დიდი დანაშაული”, – ამბობს ჯებაშვილი

ნოემბერსა და დეკემბერში აქციაზე გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ექიმებმა სახელმწიფო უწყებებისგან სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

„რამდენჯერმე მივმართეთ როგორც ჯანდაცვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ვერსაიდან ვერ მივიღეთ პასუხი, რა არის ამ ტოქსიკური აირის აქტიური ნივთიერების ქიმიური ფორმულა. არ გვაქვს ინფორმაცია, არადა, ეს ჩვენ გაგვიადვილებდა დეტოქსიკაციას, ამხელა ამბავი არ დაგვჭირდებოდა. საკვირველია. ცხრა აპრილსაც, კომუნისტების დროსაც კი საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა CS-ის შემადგენლობა გაეგო და მოსკოვმა არ მისცა ხელმისაწვდომობა ამ შემადგენლობაზე. მაგრამ მაინც უპატრონეს იმ მოწამლულებს.

ერთ-ერთი საშუალება, რომელიც არის იდენტიფიცირებული, არის კაფსულა GL202, რომლის რეკომენდაციაშიც წერია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენება, თუ არიან ბავშვები, ორსულები და მოხუცები. ასევე, მკაცრად არის ნათქვამი, რომ არ შეიძლება მისი გამოყენება ქრონიკული ან ვირუსული დაავადების მქონე ადამიანებთან – როდის რა გართულებას გამოიწვევს არავინ არ იცის.” – ამბობს ჯებაშვილი

“იმ ჭურვებიდან რაც ამოვიკითხეთ, ეს არის CS ტიპის გაზი, რომელიც მიეკუთვნება ცრემლსადენ გაზებს. გამოიყენებოდა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს. ომში მისი გამოყენების აკრძალვაც კი არსებობს, თუმცა, მცირე კონცენტრაციებით და რაოდენობით დღემდე გამოიყენება დემონსტრანტების დაშლისთვის. ეგვიპტეშიც იყო გამოყენებული 2011 წელს თურქეთში 2013 წელს და არის მძიმე დაზიანების ფაქტებიც. ეგვიპტეში ადამიანის სიკვდილის შემთხვევებიც იყო”, – ამბობს ექიმი გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე ის სპეციალისტია, რომელმაც 60-ზე მეტი დემონსტრანტის გამოკვლევაზე უკვე იმუშავა.

“შემიძლია მოგახსენოთ, რა ვნახეთ ჩვენს პირობებში – პირველ რიგში ეს არის სასუნთქი გზების, ლორწოვანი გარსის დაზიანება, რენტგენოლოგიურად, სპიროგრაფიულად ჩანს, რომ იყო ამ ნივთიერებებით გამოწვეული ბრონქების ანთება, ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ფილტვების ანთება, ანუ პნევმონია, რომელიც უშუალოდ ფილტვის დაზიანებით იყო გამოწვეული, ზემოდან ბაქტერიული ინფექციის დართვით.

ძალიან ხშირად ისეთ სიმპტომებსაც ასახელებენ პაციენტები, როგორებიცაა ქოშინი, დაღლილობა მსტვინავი სუნთქვა, სპაზმური ხველა, ასევე ძალიან ბევრი აღნიშნავს თავის ტკივილს და თავბრუს ხვევას. თუკი ეს სიმპტომები გაგრძელდა, რასაკვირველია, დაგვჭირდება თავის ტვინი ინსტრუმენტული გამოკვლევაც.

ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს ცხვირის ლორწოვანის დაზიანებასაც -სისხლდენებს. ახლა შედარებით შემცირებულია ასეთი შემთხვევები, მაგრამ დღეების და კვირების განმავლობაში იყო ღრძილებიდან სისხლდენაც, რაც ასევე შემდგომ დაკვირვებას მოითხოვს. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ალერგოლოგიის კუთხით დაინიშნა გარკვეული პრეპარატები, რათა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ხველის მხრივ. ახლა გვყავს დაკვირვების ქვეშ ის პაციენტები, რომლებსაც აქციის პერიოდში ჩავუტარეთ კვლევები, მკურნალობა და მუდმივ მონიტორინგს განვახორციელებთ”, – ამბობს კამკამიძე.

როგორც  სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა გვითხრეს, დემონსტრანტებზე ქიმიური ზემოქმედების  კვლევის პროცესში ძალების გაერთიანებასა და მონაცემების გაცვლასაც გეგმავენ. კვლევის საბოლოო შედეგები კი გაზაფხულზე გვეცოდინება.

წყარო: "ევრონიუს ჯორჯია"