რუსთავში გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რამდენად ახლოსაა საცხოვრებელი სახლები საწარმოებთან. ეს ის ადგილია, საიდანაც ჯანმრთელობისთვის საშიში მტვერი და გამონაბოლქვი მთელს ქალაქში ვრცელდება. ქალაქის ცენტრი ამ ადგილიდან შორს არ არის. აქ გამვლელები ინდუსტრიული ქალაქის ჰაერის სისუფთავის პრობლემაზე ლაპარაკობენ და იმაზე, შემცირდა თუ არა ჰაერის დაბინძურება, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამაბინძურებლებისთვის კანონმდებლობა გაამკაცრა.

– იმდენად ახლოს არ ვარ, მაგრამ ჩემი ფანჯრებიდან ჩანს ხოლმე – აქ ვცხოვრობ და.. მაინც კვამლის ფენა ჩანს ხოლმე ზევით. ზაფხულში განსაკუთრებით ჩანს – ნისლივით არის ხოლმე ზევით

– თვალით ისე არ ჩანს, მაგრამ სუნია. ხანდახან ისეთი სუნი მოდის, რომ არ ვიცი

– საკმაოდ დიდი პრობლემა არის იმიტომ რომ დილით მანქანებზე ნალექივით ხვდებათ, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით ცხოვრობენ – ეგ ვიცი ნამდვილად.

– კი, ცხადია არის ეს პრობლემა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?

ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა ოთარ მუშკუდიანისთვის, რომელიც ოჯახთან ერთად მე-16 მიკრორაიონში, საწარმოო ზონიდან ოდნავ  მოშორებით ცხოვრობს.

“ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ამის გამო უფრო დავინტერესდი ამ პრობლემით. ვამოწმებდი გარემოს დაცვის სამინისტროს საიტზე. იქ ჩანდა, რომ რუსთავში იყო ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოს მასშტაბით. ეს PM ნაწილაკები იმდენად მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რომ ვნერვიულობდით ბავშვებზე.”

სხვა აქტიური მოქალაქეების მსგავსად მუშკუდიანი საწარმოების მუშაობას ბოლო წლების განმავლობაში თვალს მუდმივად ადევნებს.

“თვალით რასაც ვხედავთ, საგრძნობლად შემცირდა შავი ჭვარტლის გავრცელება, თუმცა ცალკეული შემთხვევები მაინც გვაქვს.

რუსთავში საწარმოო ზონა დაახლოებით 80 წელია რაც არსებობს. ასეულობით ათასი ტონა მტვრის მასაა დალექილი საწარმოების გარშემო – უკვე იმდენი მტვერია იქ, რომ სულ რომ გაჩერდეს ყველა საწარმო, ქარი მაინც დააბინძურებს ქალაქს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქარხნების გაჩერება არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ სტანდარტების დაცვით იმუშაონ, – ამბობს მუშკუდიანი

PM10 და PM2,5 მცირე ზომის მტვრის ნაწილაკებია, მათი ნაწილი უხილავია, თუმცა მტვერი, ჭვარტლი ან კვამლი, საკმარისად  ხილულია. საქართველოში ამ ნაწილაკების კონცენტრაციას ჰაერში ავტომატური სტაციონარული სადგურები ზომავს.

სპეციალისტების განმარტებით, PM10 ტიპის ნაწილაკებს, ფილტვებში შეღწევა და იქ ჩარჩენა შეუძლია. საქართველოში PM10-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა 50 მკგ/მ3- ა (ნაწილაკების კონცენტრაცია მიკროგრამის მიხედვით ჰაერის 1 კუბურ მეტრ მოცულობაზე). ამ მონაცემის ყოველი 50 მკგ/მ³-ით მატება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელს 15%-ით ზრდის. PM2.5 – უფრო მცირე ზომის ნაწილაკებია, რომლებიც ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო საშიშია, რადგან მათ ფილტვის ბარიერის გადალახვა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრა შეუძლიათ. საქართველოში PM2.5-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა 25 მკგ/მ3-ა.

რუსთავში PM10-ის კონცენტრაციის დონე 300 მკგ/მ³-ამდეც კი ასულა, რაც ზღვრულად დასაშვებ ნორმას 6-ჯერ აღემატება.

“რუსთავში ძირითად გამოწვევას წარმოადგენს მტვრის ნაწილაკები, ავტომატური სადგურების გარდა მონიტორინგი ინდიკატორული გაზომვების საშუალებითაც ხდება, რუსთავში ექვს ლოკაციაზე ოთხ ეტაპად ხდება ინდიკატორული გაზომვები. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ წინა წლებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები ფიქსირდება – შედარებით შემცირდა მტვრის ნაწილაკების შემცველობა”, – ამბობს სოფიო ხმიადაშვილი – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.

გარემოს დამცველების შეფასებით, რადგან ჰაერის მონიტორინგის სადგურები ინდუსტრიული ზონიდან მოშორებით მდებარეობს, საწარმოების მოსაზღვრედ მცხოვრები მოსახლეობის რეალობას ვერ ასახავს. როგორც სააგენტოში გვითხრეს, ქვეყანაში მოქმედ 15 ავტომატურ სადგურს ახალი 9 სადგური დაემატება, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში უნდა განთავსდეს.

სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“, რომელიც რუსთავში 2018 წელს დაფუძნდა  ჰაერის დაბინძურების გამო პროტესტს ყველაზე აქტიურად და ხშირად გამოხატავს. ამ წლების განმავლობაში ორგანიზაციის აქტივისტები გარემოს დაბინძურების ფაქტებს სისტემატურად იღებდნენ, საჯაროდ ავრცელებდნენ და სახელმწიფოსგან რეაგირებას ითხოვდნენ.

 წლებია რომ ამ საქმიანობაში ხარ მიჩვეული ხარ იმ წესებით თამაშს, რაც ადრე იყო და გადაჩვევა გაუჭირდათ, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა”

საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურების მიზეზებს გარემოს დამცველი აქტივისტი ნიკა მუსერიძე ასე ხსნის:

“ხარჯებთან არის დაკავშირებული ფილტრების ჩართვა, დაზოგვის მიზნით.. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ რაღაც ბენეფიტები მიიღონ.. ეს ხდება იმიტომ რომ შეჩვეულები არიან ასეთ მუშაობას და გულგრილები არიან”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა მუსერიძე და იმ ადგილს გვათვალიერებინებს, სადაც ინდუსტრიული ზონა საცხოვრებელ სახლებს ესაზღვრება.

“აი, ამ ტერიტორიის გასწვრივ არის ბუფერული ზონა, იქით იწყება უკვე საწარმოო ზონა. ეს ქალაქის დაგეგმარებასთან ერთად მოხდა – როდესაც ეს ქალაქი დაფუძნდა, მაშინ დადგინდა, რომ ასე უნდა ყოფილიყო… ხიდი ზოლად მიყვება ქალაქს. ჩვენს მარცხნივ არის საწარმოები და მარჯვნივ – დასავლეთით არის ქალაქი. ზუსტად ეს მანძილი იყო განმსაზღვრელი ბუფერული ზონის – კანონმდებლობით არ უნდა ყოფილიყო ასე ახლოს საწარმო. როცა მშენებლობის ნებართვა არასწორად გაიცა და აღმოჩნდა რომ 250 მეტრში იყო დასახლებული პუნქტი” – გვეუბნება მუსერიძე.

2024 წელს, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა რუსთავში საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურების 10-მდე შემთხვევა გამოავლინა, მათგან 4 საწარმო 10 ათასი, 1 – 15, 1 – 20 ათასი, ხოლო 1 – 40 ათასი ლარით დაჯარიმდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო კანონი პირველად 10 ათას ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში გაორმაგებასა და გასამმაგებას ითვალისწინებს.

“შეიქმნა საკმაოდ კარგი მექანიზმები, საკანონმდებლო დონეზე გაიწერა ბევრი ისეთ რეგულაცია, რომელიც ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ჰქონდა ერთი მხრივ, ატმოსფერული ჰაერის დაცვის ნაწილში, ხოლო მეორე მხრივ, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა. მსხვილ საწამოებს, პოტენციურ დამბინძურებლებს დაუწესდათ სხვადასხვა შეზღუდვები, მათგან ერთი არის საწარმოებისთვის ჰაერის თვითმონიტორინგის ვალდებულება, ეს არის ონლაინ პლატფორმაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს შეიყვანონ მონაცემები, რომელიც კონტროლდება, მონიტორინგი ლაივრეჟიმში მიმდინარეობს”, – ამბობს ტარიელ ირემაძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე –

დაჯარიმებულ საწარმოებს შორისაა რუსთავის აზოტი, რომელიც ამჟამად ინდორამა კავკასიის კორპორაციის წევრია.

ძალიან იშვიათად, მაგრამ ნუ დაახლოებით წელიწადში 7 შემთხვევა გვაქვს, როდესაც ნორმები დარღვეულია, ეს ძირითადად გამოწვეულია ისეთ შემთხვევებით, როდესაც ავარიულად ცერდება ჩვენი საწარმო. სიძველიდან და ასაკიდან გამომდინარე პერიოდულად ხდება ეს ავარიული გაჩერებები და პრობლემის მოგვარების შემდეგ, გაშვების პროცესში, ზოგჯერ ხდება რომ ნორმები ირღვევა, რაზეც რეაგირება ხდება სამინისტროს მხრიდან. ყველაფერს ვაკეთებთ, მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად მივდივართ, რომ გარემოზე ზემოქმედება იყოს მინიმუმამდე დასული”, – გვეუბნება ლევან ბურდილაძე “ინდორამა კავკასიის” აღმასრულებელი დირექტორი.

გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით თვითმონიტორინგის ქსელში საქართველოში დღეს 34 საწარმოა ჩართული, რაც შეეხება დანარჩენებს, კანონმდებლობა მათ მონიტორინგის ქსელში ეტაპობრივად ჩართვას ავალდებულებს.

რუსთავში ჰაერის დაბინძურების შემთხვევებთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენ სხვა საწარმოებსაც ვთხოვეთ, მათმა ნაწილმა ინტერვიუზე უარი თქვა, ნაწილმა კი ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაკავშირება გვთხოვა.

“ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ამ ადამიანებს 15 წელი აქვთ დარღვევით ნამუშევარი და გამოსწორებასაც გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა, დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ქალაქში ვიდრე 2017-18 წლებში იყო.

არ უნდა მოვდუნდეთ – მონიტორინგი სჭირდება ამ ყველაფერს, ყურადღება და მოკითხვა – ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენს ჯანმრთელობას ეხება ეს ყველაფერი. ჩვენ აქ ვართ, 24 საათი ვუყურებთ ამ საწარმოებს და არსად წასვლას არ ვაპირებთ”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა მუსერიძე.

წყარო: euronewsgeorgia