ქალაქ გურჯაანში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის ასაშენებლად 3 მილიონი დაიხარჯება.  გურჯაანის მერიამ  შესაბამისი ტენდერი 20 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 1 მარტს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 936 801 ლარია.

კომპლექსი გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე უნდა აშენდეს.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სპორტული კომპლექსი გათვლილი იქნება 312 მაყურებელზე, მის შემადგენლობაშ იქნება დიდი და მცირე დარბაზი. აღნიშნულ დარბაზებში მოეწყობა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, ჭიდაობის, კრივის და კარატეს სივრცეები. შენობაში იქნება მწვრთნელებისა და პერსონალის ოთახები,  გასახდელები და საშხაპეები და ა.შ. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია პარკინგების მოწყობა მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 630 კალენდარული დღე, მათ შორის 2024 წელი - 270 კალენდარული დღე, 2025 წელი - 360 კალენდარული დღე.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს.

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 2021 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 2517200 ლარისა.