2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ახლად შექმნილი გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს საქმიანობისთვის მომავალ წელს 5.74 მლნ ლარია გათვალისწინებული.
სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იმუშავებს. საბიუჯეტო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უწყებაში 65 საშტატო ერთეული იქნება, თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის კი 3 მლნ ლარია განსაზღვრული.
სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხიდან 5.02 მლნ ლარი უშუალოდ პროგრამულ და სხვა ხარჯებზე იქნება მიმართული.
ბიუჯეტის პროექტში ასევე გათვალისწინებულია ახალი პროგრამა — „გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვა და კოორდინაცია“.
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, შესაბამის უწყებებსა და სექტორის წარმომადგენლებს შორის კოორდინაცია, ასევე ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის შესწავლა და პოპულარიზაცია.
სააგენტოს ერთ-ერთ ამოცანად განსაზღვრულია გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის არსებული სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებაც.