სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბოლო დღეებში რამდენიმე პირის მიერ გაკეთდა საჯარო განცხადებები "საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ." უწყებამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ სუს-მა ინტერპრესნიუსს უთხრა. ტაბულა ცდილობს უწყებასთან დაკავშირებას.

მათი თქმით, შეისწავლიან განცხადებების შინაარსს და "ავტორთა მოტივაციას."

"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.

ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ." - აცხადებს სუს-ი.

ცნობისთვის, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰადსონის ინსტიტუტმა 3 მარტს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანაავტორები გიორგი კანდელაკი და ლუკ კოფი არიან. კვლევის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკა "გეგმაზომიერად და ორგანიზებულად" აფართოებს გავლენასა და "გავლენის ინფრასტრუქტურას" საქართველოში.

აგრეთვე თინა ხიდაშელმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ "საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი იმიტომ, რომ ის უნივერსიტეტი არ არის, რადგან მას აკრედიტაცია არ აქვს. [...] მისი რექტორი იყო თავის დროზე ირანში ის კაცი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა. [...] ეს ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა."

tabula.ge