საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში (GTUC ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ცვლილებები მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღეს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ კანონის ახალ რედაქცია აუარესებს საჯარო მოხელეთა დაცვის გარანტიებს. ის ასევე ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობასა და შრომის საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აღებული აქვს. სწორედ ამიტომ კავშირმა გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO) მიმართა და მოითხოვა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამოდ იქნეს აღიარებული.

,,ეს არის გაუარესება. შრომის კოდექსში შევიდა ცვლილებები და შრომის კანონმდებლობასა და კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა დაგვაახლოვა საერთაშორისო სტანდარტებს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ნორმებს. ეს ცვლილებები არის ნაბიჯი უკან და გვაშორებს საერთაშორისო ნორმებს. ეს არის მთავარი პრობლემა. რაც შეეხება რეორგანიზაციის გამოცხადებას. რატომ ცხადდება რეორგანიზაცია, მისი დასაბუთება დაცულია საქართველოს მიერ აღიარებული და რატიფიცირებული კონვენციებით, 87-ე და 98-ე კონვენციით, ეს არის ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება. ცვლილებები რაც შეიტანა პარლამენტმა ამ კონვენციებს ეწინააღმდეგება.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში ირაკლი პეტრიაშვილი. 

პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისა და განხილვის პროცესში ჩართულები არ იყვნენ. კავშირისთვის უცნობია, რატომ არ დაინტერესდა პარლამენტი მათი პოზიციებით. ირაკლი პეტრიაშვილი განმარტავს, რომ ცვლილებები მიღებამდე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე უნდა განეხილათ. პროცესში კი დამსაქმებლები, დასაქმებულები და პროფკავშირები უნდა ყოფილიყვნენ ჩართული.

,,განხილვის პროცესში არ ვყოფილვართ მიწვეული და არ გვქონია კონსულტაციები. საქმეც მაგაშია. ასეთ კანონმდებლობაში ცვლილებები როცა შედის ეს განიხილება სამმხრივ კომისიაზე. ეს ინიციატივაც სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე უნდა ყოფილიყო განხილული. სადაც როგორც დამსაქმებლები, ასევე დასაქმებულთა წარმომადგენლები, პროფკავშირები და მთავრობა იქნებოდა. მერე უნდა შესულიყო პარლამენტში ეს ინიციატივა და ამ გზით უნდა მომხდარიყო ცვლილებების განხორციელება. რატომ არ გაიმართა კონსულტაციები? ეს უკვე პარლამენტს უნდა ჰკითხოთ. ფაქტია, რომ ირღვევა და ამას გამოსწორება სჭირდება.’’- აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პროფკავშირებს მიმდინარე პერიოდში გათავისუფლებულმა საკმაოდ ბევრმა საჯარო მოხელემ მიმართა. მათი საქმეები უკვე წარმოებაშია.

,,ყველას ვერც ვწვდებით იმიტომ, რომ მთხოვნელი უამრავია და ადამიანური რესურსიც არ გვაქვს. გათავისუფლების მიზეზად სხვადასხვა მუხლებია მითითებული. რეორგანიზაციის მოტივითაც არის და არის ხელშეკრულებაზე გადაყვანის თემა.’’- განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი.