ელექტრონული სიგარეტები პორტატიული მოწყობილობებია, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს ნიკოტინს და არომატიზატორებს. ის საშუალებას გაძლევთ შეისუნთქოთ ნიკოტინი ორთქლის სახით და არა კვამლის სახით. იმის გამო, რომ ისინი არ წვავენ თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტები მომხმარებლებს არ აწვდიან ქიმიკატების იმ რაოდენობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის დაზიანება.

მაგრამ რამდენად რეალურია ის, რომ ელექტრო სიგარეტი - ვეიპინგი მწეველს სიგარეტისთვის თავის დანებებაში ეხმარება?

გასული წლის ბოლოს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ვეიპები ადამიანებს ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევის შეწყვეტაში არ ეხმარება.

კვლევაში დაახლოებით 50 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც მკვლევრები, თამბაქოს მოხმარებაზე დაკვირვების მიზნით, ყოველწლიურად უკავშირდებოდნენ. საბოლოოდ, მეცნიერებმა 545 ადამიანი შეარჩიეს, რომლებიც ერთდროულად ჩვეულებრივ სიგარეტს და ელექტრო სიგარეტს იყენებდნენ და თითოეულ მათგანს 4 წელი აკვირდებოდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ მწეველებმა ელექტრო სიგარეტის დახმარებით არა თუ უარი თქვეს თამბაქოს მოხმარებაზე, უმრავლესობამ ელექტრო სიგარეტი „გადააგდო“.

დაკვირვების მეორე წელს, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც კვლავ განაგრძობდა მოწევას 59%-ზე ცოტა მეტი - 322 ადამიანი იყო; მესამე წლისთვის მწეველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 31%-ით შემცირდა და 222 ადამიანი გახდა; მეოთხე წელს - 191; მაგრამ მეხუთე წელს შედეგები უკან დაბრუნდა და 217 ადამიანმა ისევ მოწევა დაიწყო.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 86,9%-მა სიგარეტისა და ელექტრო სიგარეტის მოწევა 1 წლის შემდეგ ისევ განაგრძო; 80,7%-მა - 2 წლის შემდეგ; 76,7%-მა - 3 წლის შემდეგ; 67,9%-მა - 4 წლის შემდეგ.

ამასთან ერთად, თითქმის ორჯერ მეტია (59%) იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ელექტრო სიგარეტს დაანება თავი, იმ ადამიანების რიცხვთან შედარებით, ვინც ჩვეულებრივი სიგარეტის გადაგდება შეძლო (32.1%). მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ელექტრო სიგარეტის მწარმოებელთა მტკიცება, რომ მათი მოწყობილობა თამბაქოსგან თავის დანებებას უწყობს ხელს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

მეორე კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია Cochrane-მა ჩაატარა. ეს უკანასკნელი მკურნალობის მეთოდების ეფექტურობას სწავლობს, რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო მტკიცებულებებზე, მონაცემთა ბაზაში - Cochrane Library გამოქვეყნდა კვლევა ელექტრო სიგარეტების შესახებ. მკვლევრებს აინტერესებდათ, რამდენმა ადამიანმა დაანება სიგარეტის მოწევას თავი ელექტროსიგარეტის მოხმარებიდან 6 თვეში და ჰქონდა თუ არა მათ რაიმე არასასურველი ეფექტი?

კვლევის მიხედვით, ნიკოტინის ელექტრონული სიგარეტები უფრო მეტ ადამიანს ეხმარება მოწევის შეწყვეტაში, ვიდრე არომატიზატორების შემცველი ელექტრონული სიგარეტები.

კვლევის მიხედვით, ყოველი 100 ადამიანიდან მოწევას თავი დაანება ნიკოტინის ელექტრო სიგარეტის 9-დან 14-მდე მომხმარებელმა და 6-მა - უნიკოტინო ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელმა.

რაც შეეხება მათი მოხმარებისას არასასურველ ეფექტებს, ნიკოტინის ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლები ხშირად უჩივიან პირის ღრუს ან ყელის გაღიზიანებას, თავის ტკივილს, ხველას და უსიამოვნო შეგრძნებას.