„ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე 62 წლის განმავლობაში. ძალიან შემიყვარდა საქართველო. საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს“, - განაცხადა ამერიკელმა მსახიობმა შონ პენმა „ამბის თხრობის ფესტივალ - ZEG“-ზე.
„ბევრი წარმატება და მარცხი გამომიცდია, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და შთამაგონა, რომ ეს ფილმი გადამეღო. ჩვენ არასდროს ვიცით როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე 62 წლის განმავლობაში. ძალიან შემიყვარდა საქართველო. საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. მე როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც. უკრაინა არის ის რასაც დაგვპირდა ჩვენი ქვეყანა - მშვიდობა და თავისუფლება“, - განაცხადა შონ პენმა, რომელიც თბილისში „ამბის თხრობის ფესტივალ - ZEG“-ზე მოწვეული სტუმრის რანგში წარდგა პუბლიკის წინაშე.
ფესტივალის ბოლო პანელის თემა ომი უკრაინაში და ოკუპაციაა. შონ პენი ომის დაწყების შემდეგ 3-ჯერ იმყოფებოდა უკრაინაში. ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ვოლოდიმირ ზელენსკიზე ფილმიც გადაიღო. ახლა ის უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონზე გეგმავს ფილმის გადაღებას.