ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილზე 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ მოკვდა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ.  მისივე თქმით, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.

მარტვილში ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტოც. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, 24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით, გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება.

სააგენტოს ვეტერინარები დღეიდან უკვე ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.