„დღეს ყველაზე ხშირად საქართველოში ადამიანი ხელფასს 1200 – 1300 ლარის ფარგლებში იღებს“, - ამის შესახებ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას ირაკლი მურცხვალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საშუალო ხელფასზე უკეთ რეალობას ხელფასების დინამიკაზე მედიანური ხელფასი ასახავს, რომელიც ბევრად ნაკლებია, ვიდრე საშუალო ხელფასი.
“თუ ჩვენ საშუალო ხელფასის არსებულ სტატისტიკა გამოვაკლებთ საშემოსავლო გადასახადს გამოდის, რომ საშუალო ხელფასი არის 1900 ლარამდე და არა 2 363 ლარი. საშუალო ხელფასი გამოითვლება თითოეული ადამიანის ხელფასების ჯამი გაყოფილი მათ რაოდენობაზე, რაც რეალურ სურათს ხელფასების დინამიკაზე, ბუნებრივია ვერ გვაძლევს.
თუმცა არსებობს მეთოდი, რომელიც უფრო მეტად გვიჩვენებს რეალურ სურათს, ვგულისხმობ მედიანური ხელფასის სტატისტიკას. მედიანური ხელფასი გვიჩვენებს თუ რა მოცულობის ხელფასია ყველაზე ხშირი ქვეყანაში.
2024 წლის მონაცემებით მედიანური დარიცხული ხელფასი საქართველოში იყო 1400 ლარამდე. თუ იმ ზრდის დინამიკას გავითვალისწინებთ, რაც საშუალო ხელფასთან მიმართებაში გვაქვს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ახლა ქვეყანაში მედიანური ხელფასი 1500 – 1600 ლარის ფარგლებშია. ფაქტიურად გამოდის, რომ დღეს ხელზე ყველაზე ხშირად ადამიანი იღებს 1200 – 1300 ლარს“, - აცხადებს ირაკლი მურცხვალაძე.