დღეის მდგომარეობით, 17 სერტიფიცირებული კომპანია გვყავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ასაქმებს, - ამის "ბიზნესპარტნიორთან" შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ნატო ნათენაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიების სერტიფიცირებას შრომის ინსპექცია, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, უზრუნველყოფს.

"რეგულაციების და კანონის აღსრულების მონიტორინგის მანდატი შრომის ინსპექციამ 2023 წელს მიიღო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2023 წლიდან დღემდე, ამ კუთხით ინსპექტირებას აქტიურად ვახორციელებთ. მიგრაციის შესახებ კანონი არა მხოლოდ ადგილობრივი დამსაქმებლის და იმიგრანტების უფლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს, ასევე ჩვენი ემიგრანტების, რომლებიც ოფიციალურად მიდიან საზღვარგარეთ. ამისთვის უნდა არსებობდნენ სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიები. მათ სერტიფიცირებასაც ჩვენი უწყება უზრუნველყოფს ადგილზე მისვლით, გადამოწმებით და შემდგომში უშუალოდ ემიგრანტების უფლებრივი მდგომარეობის გადამოწმებით, თუ რა ხელშეკრულების და პირობების საფუძველზე არიან დასაქმებულები", - აცხადებს ნატო ნათენაძე.

bp.ge