ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მარატ კამბოლოვმა განაცხადა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების სამუშაო განრიგი გაფართოვდება.
მარატ კამბოლოვის ცნობით, ე.წ. გამშვები პუნქტების მუშაობის რეჟიმი ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის თხოვნით შეიცვლება.
„ყოველი მსგავსი თხოვნის უკან კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაცია დგას: მშობლების, შვილებისა და ახლობლების მონახულების შესაძლებლობა. დავავალე სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს საკითხი შეისწავლონ“, - წერს კამბოლოვი „ტელეგრამის“ არხზე.
მისი თქმით, დღეს, მომზადებული წინადადებები ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა წარდგენილი.
„შემოთავაზებული იქნა გამშვები პუნქტების სამუშაო განრიგის გაფართოება. „რაზდახანი“ იმუშავებს ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას 8:00-დან 18:00 საათამდე. „პერევი“ კი სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს 8:00-დან 18:00 საათამდე. ასევე, განიხილება ლენინგორისა და ძაუს რაიონების კონკრეტული დასახლებების მოსახლეობის ახლო ნათესავებისთვის შესვლისა და დროებითი დარჩენის წესის გამარტივება. ახალი წესი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობა შესაბამის დადგენილებას მიიღებს“, - აცხადებს კამბოლოვი.