მას შემდეგ, რაც შავი ზღვის Neptun Deep-ის გაზის პლატფორმასთან რუმინეთმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი საზღვაო დრონის გაანადგურა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ "მუქარების მზარდი კამპანია" მიმდინარეობს, რაც მან "ჰიბრიდულ ომად" დაახასიათა.

"დღეს რუმინეთმა შავ ზღვაში Neptun Deep-ის პლატფორმასთან ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა. მიმდინარეობს მუქარების მზარდი კამპანია, რაც ჩვენს მოქალაქეებში შეშფოთებას იწვევს და ჩვენი კავშირის დაყოფას ცდილობს. ეს ჰიბრიდული ომია." – დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ მედიაში.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, EU-ს თავდაპირველი მისია მშვიდობის შენარჩუნებაა, რაც დღეს "პროვოკაციისა და აგრესიის შეკავების უნარის ქონასაც ნიშნავს".

"ჩვენი Readiness 2030-ის დღის წესრიგი €800 მილიარდამდე რესურსის მობილიზებას გულისხმობს. ევროპული დრონების თავდაცვის ინიციატივისა და აღმოსავლეთ ფლანგის მონიტორინგის ფარგლებში ევროპაში წარმოებას ვზრდით, რათა წევრ სახელმწიფოებს მათთვის საჭირო შესაძლებლობები მივაწოდოთ. ასე ჩვენ წარმოშობილ საფრთხეებს სისწრაფით, ერთიანობითა და სიმტკიცით ვუპასუხებთ." – დაამატა მან.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს დილის საათებში რუმინეთმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა და Neptun Deep-ის გაზის პროექტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში აღმოჩენილი საზღვაო დრონი გაანადგურა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, რადუ მირუცას თქმით, გადაწყვეტილება პლატფორმაზე მომუშავე რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად მიიღეს.

მირუცას დრონის წარმომავლობა არ დაუსახელებია, თუმცა, მისი თქმით, კიევმა რუმინეთს დაუდასტურა, რომ დრონი უკრაინულ ძალებს არ ეკუთვნოდა. ხოლო რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან "მსგავსი უპასუხისმგებლო ინციდენტების გახშირება" დაგმო.

ამას გარდა, ასევე 20 აგვისტოს ღამის საათებში რუმინეთმა ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენი ააფრინა მას შემდეგ, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონი შეიჭრა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, ტულჩის ჟუდეცში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.