2023 წლის განმავლობაში საქართველოში $57 მილიონამდე ღირებულების 12 400 ტონა ყავის (ხსნადი, დაფქული, მარცვლები) იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი ჩაის (შავი და მწვანე) იმპორტს თანხობრივად 6-ჯერ აღემატება, მოცულობით კი ჩაის იმპორტი 5-ჯერ ნაკლებია.

შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე ყავაზე უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ჩაიზე, ამის შესახებ „საქსტატის“ ახალი ანგარიშიდან ირკვევა.

2023 წელს საქართველოში შემოტანილი იყო $25.5 მილიონის ხსნადი ყავა, ხოლო $31.3 მილიონის დაფქული ყავა და მარცვლები.

რაც შეეხება ჩაის, საქართველოში იმპორტირებული ჩაის დიდი წილი შავ ჩაიზე მოდის და მისი ღირებულება $8.6 მილიონ დოლარს შეადგენს, მწვანე ჩაის იმპორტი კი მხოლოდ მილიონი დოლარია. ჯამში, 2023 წელს მწვანე და შავი ჩაის იმპორტმა 2328 ტონა შეადგინა.

ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 4 მლნ დოლარის ყავა და 2 მლნ დოლარის ჩაი გავიდა.