სომხეთი ვერ ხედავს აზერბაიჯანის მხრიდან პოლიტიკურ ნებას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

მირზოიანის თქმით, აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესათანხმებელი, მაგრამ როგორც მირზოიანი აღნიშნავს, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ყველა საკითხს მოიცავს.

„არსებობს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების თითქმის საბოლოო პროექტი, მაგრამ არ არის ხელმოწერილი, რადგან აზერბაიჯანი ყოველ ჯერზე ახალ პირობებს აჩენს. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ სურთ ხელი მოაწერონ შეთანხმებას", - აღნიშნა მირზოიანმა.

ჩვენ შეგვიძლია დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ და დარჩენილ საკითხებზე მუშაობა გავაგრძელოთ. დიდი სამუშაო ჩატარდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის, ესკალაციისა და სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმების მიუხედავად. სომხეთი მოლაპარაკებების დროს კონსტრუქციულია", - განაცხადა მირზოიანმა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის აზრით, ორივე მხარე დაინტერესებულია სამშვიდობო ხელშეკრულებით, თუმცა, არსებობს ერთი საკითხი, რომელიც შეთანხმებას განსაზღვრავს.

„რასაკვირელია, ორივე მხარე დაინტერესებულია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით, ოღონდ თავისი პირობებით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია „ზანგეზურის კორიდორის" საკითხი. აზერბაიჯანს უნდა ამ სამშვიდობო ხელშეკრულებიდან რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს, რა თქმა უნდა სომხეთსაც უნდა.

„აზერბაიჯანი გამარჯვეულია და აქედან გამომდინარე, ის ცდილობს თავისი პირობები უკარნახოს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ზაგეზურის კორიდორის" გახსნა სომხეთის ტერიტორიაზე, რომელსაც თვითონ გააკონტროლებს. სომხეთს ამ ნაბიჯისის გადაგმა არ უნდა. ამრიგად, მათ შორის ხელშეკრულების გაფორმება დამოკიდებულია, თუ როგორ გადაწყდება „ზანგეზურის კორიდორის" საკითხი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ გარკვეული მიზეზების გამო სომხეთს უფრო აწყობს ხელშუკრულებაზე საბოლოოდ ხელმოწერა, ვიდრე აზერბაიჯანს. მისივე თქმით, აზერბაიჯანს არც თუ ისე უსაფუძვლო მოთხოვნები აქვს.

„აშკარად ჩანს, რომ ამ საკითხით სომხეთი უფრო დაინტერესებულია, რადგან მას ესკალაციის ეშინია და უნდა რაღაც ხელშეკრულების ხელის მოწერა ნოემბრამდე მოასწროს. მოგეხსენებათ, ნოემბერის თვეში აზერბაიჯანში საერთაშორისო დონის ღონისძიება იქნება, სადაც ბაქოში პირველი პირები ჩავლენ. სომხეთს ეშინია, რომ როცა ეს ღონისძიება ჩაივლის, ბაქომ არ განახორციელოს რაღაც დამატებითი სამხედრო ხასიათის ზომები, ეს შესაძლებელია მოხდეს და სომხეთი ამიტომ ჩქარობს.

„მაშინ, როცა ჩვენმა პრემიერმა ნიუ-იორკში ღონისძიებაზე გაისეირნა და მერე ქართულ რესტორანში ისადილა, ამ დროს ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტს, ერდორანს შეხვდა, სადაც საქმე აკეთებდნენ. ფაშინიანმა თურქეთის მხარდაჭერა მოიპოვა იმისათვის, რომ ისინი აზერბაიჯანს დაელაპარაკებოდა და თითქმის უკვე შედგენილ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდნენ.

„აზერბაიჯანს თავისი მოთხოვნები აქვს და თვლის, რომ სომხეთის კონსტიტუციაში ჯერ კიდევ ჩანს პრეტენზიები აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართ. სხვათაშორის თურქეთს პრეტენზიები ნაკლებად აქვს. მაგალითად, სომხეთის გერბზე გამოსახულია მთა არარატი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. თურქეთი ამაზე პრეტენზიას გამოხატავს, თუმცა, მოლაპარაკების დროს ამაზე ყურადღებას არ ამხვილებენ, იგივეს ვერ ვიტყოდი აზერბაიჯანზე.

„სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ მათ მიერ მოწერილი დოკუმენტი ყველა დოკუმენტზე მაღლა იქნებოდა, მათ შორის კონსტიტუციაზე მაღლაც, მაგრამ ამის მიუხედავად, აზერბაიჯანი მაინც მოითხოვს სომხეთმა კონსტიტუცია შეცვალოს და იქიდან ამოიღოს ის მუხლები, სადაც სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართ პრეტენციები აქვს, პირველ რიგში ყარაბაღი იგულისხმება.

„ამრიგად, შეთანხმება უფრო სომხეთს აწყობს, აზერბაიჯანს კი მოთხოვნები აქვს და ვერ ვიტვით, რომ ეს უსაფუძვლოა. საქმე იმაშია, რომ სომხეთს კონსტიტუციის შეცვლა არ შეუძლია, რადგან ძლიერი, პრორუსული ოპოზიცია ჰყავს და ამის გაკეთება იოლი არაა. მე უტყუარი მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ფაშიანიანი მზად იქნებოდა კონსტიტუცია შეეცვალა, თუმცა, როგორც ვთქვი, ეს მარტივი არაა.

„ამან შეიძლება საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიოს. ამიტომ მე მგონია, რომ სომხეთს არც სურვილი და არც რესურსი არ აქვს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ რევანში განახორციელოს. აზერბაიჯანს კი ურჩევნია ფაშინიანთან მიაღწიოს შეთანხმებას, რადგან თუ ის ხელისუფლებიდან წავიდა, ამას დიდხანს ვერ იზამენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

resonancydaily.com