დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობა სააფთიაქო ქსელებს დაეხმარება იმაში, რომ ე.წ პარაფარმაციის პროდუქტები, მათ შორის ბავშვთა კვება პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძინონ.
“ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ბავშვთა კვებაზე. რამდენიმე ინიციატივა გვაქვს და გვინდა, რომ კიდევ უფრო დავამოკლოთ ეს ჯაჭვი და ქსელებმა პირდაპირ მწარმოებლებიდან შეიძინონ ბავშვთა კვება. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენი მიზანია, რომ ქსელებს დავეხმაროთ იმპორტიორის გარეშე შეძლონ აღნიშნული პროდუქციის შეძენა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მნიშვნელოვან ფასდაკლებას მივაღწიოთ. სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლების მხრიდანაც გამოითქვა ამის სურვილი. ამ მიმართულებით ვმუშაობთ,”-აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
რაც შეეხება მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასები ვრცელდება, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ნაწილში ფასები მნიშვნელოვნად არის შემცირებული .
“რეფერენტული ფასები მუშაობს და ამას სექტორის წარმომადგენლებიც აღიარებენ. მას შემდეგ, რაც მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასები დადგინდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ამ მედიკამენტების ფასები. გამოწვევად რჩება დანარჩენი მედიკამენტები და არამედიკამენტები, რომლებსაც სააფთიაქო ქსელები ყიდიან, ე,წ პარაფარმაცია. ჩვენ გვინდა, რომ რეფერენტული ფასები ასი პროცენტით გავრცელდეს სხვა მედიკამენტებზეც,”-აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, საკვები პროდუქტებისგან განსხვავებით მედიკამენტების ნაწილში ფასწარმოქმნის ჯაჭვი მოკლე და ორკომპონენტიანია.
“მათ აქვთ ლოგისტიკური ცენტრები, პროცესი ასეთია: მწარმოებელია თუ იმპორტიორი მედიკამენტი მიაქვს ლოგისტიკურ ცენტრში და შემდეგ თავადვე ახორციელებს დისტრიბუციას. ასევე, ფარმაცევტულ კომპანიებს გაციფრულებული აქვთ ბიზნესპროცესი. ასევე როგორც უკვე აღვნიშნე, სექტორში არის რეფერენტული ფასები. მედიკამენტის 70%-ის ფასს სახელმწიფო ადგენს. ოთხი ქვეყნის საშუალო ფასზე დაყრდნობით. მათ შორისაა: ლიტვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ბულგარეთი. მედიკამენტების ნაწილში, სადაც ჩვენ გვაქვს რეფერენტული ფასი - ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე ევროკავშირრის ქვეყნებში,”-აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.