საინვესტიციო ჰოლდინგ Hunnewell Partners-ის მფლობელი ირაკლი რუხაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში „ინვესტორის ფული“ არ შემოდის.

საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურაზე მან „კაცმანის პოდკასტში“ ისაუბრა, სადაც ახსნა, რატომ არის საქართველოში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტატისტიკა ილუზორული.

"კაცმანის პოდკასტში“ ირაკლი რუხაძემ საკმაოდ დეტალურად მიმოიხილა ის ქვეყნები, რომლებიც სტატისტიკის მიხედვით, TOP ინვესტორი ქვეყნების რეიტინგის სათავეში არიან და განმარტა, რატომ არ დგას მათ უკან რეალური უცხოური კაპიტალი.

„თუ გადავხედავთ ქვეყნების ჭრილში, პირველი ინვესტორი არის ინგლისი, მაგრამ ინგლისელი ინვესტორი მე თვალით არ მინახავს საქართველოში. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ორი ბანკი - „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“, რომლებიც ინგლისში არიან [დალისტულები] და მათი წმინდა მოგება, რომელიც დივიდენდად არ გაიტანეს, ავტომატურად ითვლება ინგლისურ რეინვესტიციად ეკონომიკაში.

მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, თუმცა ჰოლანდიელი ინვესტორიც აქ არავის უნახავს. ყველა ჩემი კომპანია - გარდა „მაგთისა“, რომელიც ამერიკულია, ნიდერლანდურია. “ჰაიდელბერგ ცემენტიც“, „ლიბერთი ბანკიც“ და „რუსთავის მეტალურგიულიც“ ნიდერლანდური კომპანიებია. ეს არ არის რეალური ჰოლანდიელი ინვესტორი, ეს არის ირაკლი რუხაძისნაირი ხალხი, ვისაც კომპანიები იქ აქვს დარეგისტრირებული, რადგან კარგი ორმაგი დაბეგვრის და ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება გვაქვს ნიდერლანდებთან - ამიტომ იქიდან შემოგვაქვს ფული.

მესამეზე კი მალტაა, თურმე სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების კანონმდებლობას უკავშირდება, ასე მითხრეს... საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის სულ ქართული ფული. რეალური გარე ფული საერთოდ არ შემოდის - არც ჩინური, არც რუსული, არც ამერიკული, არც ინგლისური. ჩვენ, პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი ფული არ გვაქვს, ამიტომ მხოლოდ პატარა პროექტების გაკეთება შეგვიძლია“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ FDI-ს 2024 წლის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

თავისი მოსაზრების გასამყარებლად ბიზნესმენმა 2024 წლის FDI-ს სტატისტიკაც მოიშველია, რომლის თანახმად, ინვესტიციების 86% რეინვესტირებული კაპიტალია. „ანუ უცხოური ფული, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, იყო იმ ხალხის, ვინც უკვე შემოსულები იყვნენ“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ვინაიდან ქვეყანაში მხოლოდ „ჩვენი ფული“ ტრიალებს, საქართველო მხოლოდ მცირე პროექტების, მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობით შემოიფარგლება.

„ვუყურებთ, რომ ამდენი სახლი შენდება - ეს კარგია, ცუდი კი არ არის. ურბანიზაციის დონე ჯერ კიდევ დაბალი გვაქვს და ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ რეალურად საინტერესო პროექტებს ვერ ვაკეთებთ, რადგან არავის გვაქვს ამის ფული. ბანკებს კი აქვთ რესურსი და იციან კიდეც ფულის შემოტანა, მაგრამ მათ საერთოდ აკრძალული აქვთ მონაწილეობა პირდაპირ ინვესტიციებში, ანუ იმაში, რასაც „ექვითი“ (equity) ჰქვია. ამიტომ, ბანკი მხოლოდ სესხს მოგცემს. ეს კი ნიშნავს, რომ რადგან ჩვენ არ გვაქვს საჭირო მოცულობის თანხები, ვერ ვავითარებთ ჰესებს, პორტებს, data ცენტრებს, ნავთობქიმიას თუ დიდ მეტალურგიას. არადა, საქართველო გენიალურად კარგი, თავისუფალი ქვეყანაა შავ ზღვაზე; მეორე მხარეს კი გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი - ევროპა, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობა გვაკავშირებს. ეს ჩვენი ძალიან დიდი და ღირებული მიღწევაა, აქ უზარმაზარი ინვესტიციები უნდა იდებოდეს.

მარტო მეტალურგიაში, რუსეთიდან და უკრაინიდან ევროპაში 18 მილიონი ტონა ფოლადი აღარ შედის. წარმოიდგინეთ, რამდენი სხვა პროდუქტი აღარ შედის. უკრაინა კარგა ხანი ვერ დადგება ფეხზე, რუსეთშიც ეს პრობლემები დიდხანს გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვეუბნებოდეთ ამერიკელებს, ჩინელებს, რუსებს თუ უკრაინელებს: სანამ იქ პრობლემებია, აქ დააბანდეთ. ის, რაც მათთვის პატარა ნაწილია, საქართველოს ეკონომიკისთვის უზარმაზარი მასშტაბის ნახტომი იქნება“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.

წყარო: bm.ge