ბათუმში, ევროპის მოედანი, 19 და 20 აგვისტო ბათუმის თაფლის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ: ქართული თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების მწარმოებელი 50-მდე კომპანია. ასოციაციები და მეფუტკრეები აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებიდან; მეფუტკრეობის აღჭურვილობისა და დანადგარების მიმწოდებლები (სკების მწარმოებლები, ვეტ-აფთიაქები, ფიჭის მწარმოებლები); ბათუმის ბოტანიკური ბაღი და თაფლოვანი მცენარეების სანერგეები.

ბათუმის თაფლის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული თაფლის სხვადასხვა სახეობები და ყველაფერი, რაც მეფუტკრეობას უკავშირდება. ფესტივალი ორი დღის მანძილზე უმასპინძლებს ბათუმის მცხოვრებლებსა და მის სტუმრებს - 19 აგვისტოს შუადღის 12:00 საათიდან 21:00 საათამდე და 20 აგვისტოს დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ბათუმის თაფლის ფესტივალის ისტორია 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ ზღვისპირა ქალაქის საყვარელ ტრადიციად იქცა. ის თანაბრად პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებში. წელს ფესტივალი მეხუთედ ტარდება და მას უკვე ელოდებიან თაფლის მოყვარულები და გულშემატკივრები, მასში აქტიურად მონაწილეობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და აქვს ადგილობრივი ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა.

ფესტივალის ვიზიტორებს შეეძლებათ სხვადასხვა სახეობის თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების დაგემოვნება და შეძენა, მათ შორის წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი სანთლები და კოსმეტიკური საშუალებები. ფესტივალი დატვირთული იქნება ინტერაქტიური გასართობი ღონისძიებებით, კონკურსებით, მასტერკლასებით და ცოცხალი მუსიკით. მეფუტკრეებს შეეძლებათ ნახონ და მეტი გაიგონ კლიმატზე ადაპტირებული სკების და ბიო ფიჭის შესახებ.

ფესტივალს ორგანიზებას უწევს აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება, რომელიც ცხრა მეფუტკრეთა ასოციაციას, მათ შორის აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესს ასოციაციას და 22 კომპანიას აერთიანებს. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება ასევე არის თბილისის თაფლის ფესტივალის ორგანიზატორი, რომელიც დედაქალაქში გასულ თვეს ჩატარდა.

ფესტივალის ორგანიზატორებია არიან აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება, მხარდამჭერები - აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა, აჭარის მთავრობა. ფასილიტატორი - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და შვედეთის მიერ დაფინანსებული მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2.