ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
მათი ცნობით, გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, რაც მათი შრომითი დატვირთვის შეუსაბამოა.
„არ ვეხებით მხოლოდ ავარიულ სამსახურს, რომ აბონენტებს არ შეექმნათ პრობლემა, სხვა სამსახურები გაფიცული ვართ. დაახლოებით 200-250 ადამიანი.
ათი დღის წინ მივმართეთ ადმინისტრაციას წერილობით და მოვითხოვეთ ხელფასის გაზრდა, მაგრამ უარი გვითხრეს. სემეკის დადგენილებით ხდება ხელფასების განსაზღვრა და ჩვენ არ შეგვიძლია, არანაირი მატება არ იქნება 2028 წლამდეო.
აქეთ დაგვემუქრნენ – „თუ არ მოგწონთ, წადით, დაგაჯარიმებთ, ფულს აქეთ მოგატანინებთო და რატომ გვაშინებენ? ჩვენ მშვიდად ვაპროტესტებთ და ვიცავთ ჩვენს შრომით უფლებებს.
გვეუბნებიან – „ჩვენც გვიჭირს, ჩვენც დაბალი ხელფასები გვაქვს“. მაშინ საიდან ეს საუკეთესო მანქანები, საიდან ყოველ წელს ახალი მანქანების ყიდვა? რა ხელფასი აქვთ, როგორ შოულობენ ერთ წელიწადში? მე შვიდი წელია აქ ვმუშაობ და მანქანა ვერ შევიძინე და ესენი ყოველ წელს როგორ ყიდულობენ, თუ ჩვენსავით კაპიკი ვერ შეაქვთ ოჯახში, საიდან ეს 2024-წლიანი ჯიპები?“ – ამბობს გაფიცული თანამშრომელი რუსლან ქაღბადაძე.
მისი თქმით, აბონენტების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება, ხელფასი კი მაინც არ ემატებათ.
„გვაკლდება კადრებიც. ყოველდღე ვიღაც მიდის სამსახურიდან დაბალი ხელფასების გამო. პრაქტიკანტები არ მოდიან, კადრების შევსება არ ხდება და შესაბამისად, წასული თანამშრომლების უბნებზეც ჩვენ გვიწევს მუშაობა.
შრომა გვაქვს ძალიან დიდი. მეწყრებია, ავარიებია და ყველა შემთხვევაზე გვიწევს გასვლა და რეაგირება. ამ დროს ხელფასები გვაქვს სამარცხვინო, 1080 ლარია ამ დროისთვის სპეციალისტის ხელფასი, რაც წვიმაში, თოვლში მომუშავე ადამიანისთვის ძალიან დაბალია.
როცა ეკითხები ამ ყველაფერზე, აქეთ გადმოდიან შეტევაზე. ერთსა და იმავეს იმეორებენ, რომ თურმე სემეკი არ აძლევთ უფლებას. წყალს ნაყავენ, შედეგი არ აქვს მათთან საუბარს. თვითონ არიან ხელმძღვანელები და ეს პრობლემა თავად უნდა მოაგვარონ სემეკთან.
ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც რეალურად არ გვეკუთვნის. ჩვენ არ გვაქვს 2000 ლარი ხელფასი და არ ვითხოვთ 5000-ით გაზრდას, ძალიან მინიმალურია ჩვენი ხელფასი და ვითხოვთ იმდენად მაინც გაიზარდოს, რომ უკმაყოფილება არ იყოს“-ამბობს ქაღბადაძე.
გარდა ამისა, როგორც გაფიცულები ამბობენ, თითოეულ გადაცდომაზე 20 ლარით ჯარიმდებიან, რაც, ასევე, მათ შემოსავლებზე აისახება.
„სხვის უბანზე გავდივართ, ვეხმარებით, რომ პრობლემა არ შეექმნათ. 600 კაცი უნდა აღვრიცხო ერთ უბანზე და ერთი თუ შემეშალა და არასწორად აღვრიცხე, 20 ლარით უნდა დამაჯარიმოს? მაშინ, როცა კომპანია უკვე წლებია არც ზეგანაკვეთურს გვინაზღაურებს“ – ამბობს რუსლან ქაღბადაძე.
გაფიცულების თქმით, თუ „სოკარი“ ხელფასებს არ გაუზრდის მათ, გაფიცვა არ შეწყდება.
„200-250 კაცი ყველა შევთანხმდით, რომ გავიფიცოთ და აღარ გავაგრძელოთ მუშაობა. რასაც ჩვენ ვშრომობთ და რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ ყველაფრის ანაზღაურება სულ ცოტა 1500 ლარი მაინც უნდა იყოს“-ამბობს მამუკა დიასამიძე.
ვესაუბრეთ კიდევ ერთ გაფიცულს, ოთარ კვაჭაძეს.
„ჩვენ ვიხდით პროფკავშირების საწევროს, ამით ერიცხება პროფკავშირის თავმჯდომარეს ხელფასი და ის არც ერთხელ არ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემებით. არც კი უკითხავს, რა გიჭირთ, რატომ წერთ ამ განცხადებასო. დღეს პირველად გავიგე ვინ არის პროფკავშირის თავმჯდომარე, აქამდე არასდროს გვქონია მასთან შეხვედრა, მაშინ როცა, პროფკავშირის თავმჯდომარე ყველაზე აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში და იცავდეს ჩვენს შრომით უფლებას.
ადამიანების სიცოცხლეა ჩვენს თავზე და პასუხისმგებლობა.
მე, მაგალითად, გამაფრთხილებელ სამუშაოზე ვმუშაობ და რამე რომ შემეშალოს, სისხლის სამართლის საქმეზე მივდივარ, რადგან ადამიანების სიცოცხლე მაბარია. ამხელა პასუხისმგებლობა რომ მაქვს, ასეთი მიზერული ხელფასი არ შეიძლება. მიუღებელია და პროფკავშირის თავმჯდომარე ამ საკითხს საერთოდ არ განიხილავს.
თუ ასე გააგრძელებენ, აღარ გადავიხდით საწევროსაც. ჩვენთვის შეიძლება არაფერია ეს 1%-ი, მაგრამ მათთვის ძალიან დიდი ზარალი იქნება.
ხელფასებს ვერ გავზრდითო რომ გვეუბნებიან, მაშინ იმის პირობაც მოგვცენ, რომ ბაზარზე პროდუქტის ფასი არ მოიმატებს. ამ ხელფასით თავის რჩენა შეუძლებელია“- ამბობს ოთარ კვაჭაძე.
„ბათუმელები“ კომპანია „სოკარის“ პრესსამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „სოკარი“ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით და რატომ ვერ ხერხდებოდა ამ ხნის მანძილზე მათი შრომითი უფლებების დაცვა.
როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხებენ, თუმცა მოკლე კომენტარის სახით დასძინეს, რომ „სოკარი“ არის რეგულირებული საწარმო და ხელფასებს სემეკის თანხმობის გარეშე ვერ შეცვლიან.
„ხელფასები ბუნებრივი აირის ტარიფიდან გამომდინარე დგება, შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვახერხებთ ხელფასების ზრდას, მაგრამ დავიცავთ პროცედურებს და დავიწყებთ შესაბამის ორგანოებთან ამ საკითხების გავლას. ტარიფი დგება ხუთ წელიწადში ერთხელ და მანამდე გადახედავენ თუ არა, არ ვიცით, მაგრამ იქ იყო სხვა საკითხებიც წამოჭრილი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა“- გვითხრეს „სოკარში“.