მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მუდმივად საუბრობს ავტოსაგზაო შემთხვევებზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და ზოგადად ამ პრობლემაზე. მას ამჯერად "კვირის პალიტრა" ესაუბრა.
- ბატონო მევლუდ, ექსპერტები მუდმივად საუბრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ არაფერი იცვლება.
- თუ ამ ტრაგედიების დასრულება გვინდა, სასწრაფოდ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ, უპირველესად, განათლებით. ბევრს არა აქვს გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს საგზაო წესების დარღვევას. ცოდნის შეძენა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღიდან, მერე სკოლაში უფრო უნდა გაღრმავდეს. მძღოლობა სახიფათო პროფესიაა, შეიძლება პატარა შეცდომაც კი სავალალოდ დასრულდეს. ამიტომ მანქანის მართვის მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს, სათანადო კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს. დღევანდელი ავტოსკოლები, გარდა გამოცდის ჩაბარებისა, არაფერს ასწავლიან. გამოცდის ჩაბარებაში იგულისხმება დაზეპირებული ბილეთები, მერე კი დაერევიან ქუჩაში მანქანებსა თუ ქვეითებს. უცოდინარი მძღოლები გვყავს, ყველა თვითნასწავლია და მაღალ კლასს როგორ მოსთხოვ?! არადა, როცა მართვის მოწმობას გასცემ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ ის პირი მზად არის ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვისთვის. პრევენცია, ჭკვიანი კამერა, ჯარიმების გამკაცრება კარგია, მაგრამ უპირველესად ცოდნაა საჭირო. საზოგადოებრივი შეგნება უნდა იყოს მაღალ დონეზე. პარლამენტში დიდი ხანია შეტანილია 300-გვერდიანი ნაშრომი, სადაც გაწერილია, რა როგორ უნდა იყოს. ამ კანონპროექტზე სპეციალისტებმა ვიმუშავეთ, ის კი დღემდე თაროზე დევს. არადა, დღესვე რომც დავიწყოთ რეფორმა, 10 წლის შემდეგ თუ გვექნება შედეგი. ჩვენთან საგამოცდოდ კონკრეტული მარშრუტებია შერჩეული, რაც არასწორია. სულ არარაობას სჯობია, მაგრამ ჯობდა არ ყოფილიყო ცნობილი, წინასწარ რა გზის გავლა მოუწევს გამოცდაზე გასულ პირს. კარგია, რომ იმდენჯერ გადიხარ გამოცდაზე, სანამ სრულყოფილად არ ჩააბარებ. სულ ცოტა, 20 გაკვეთილი უნდა გქონდეს გავლილი, როცა გამოცდაზე გადიხარ. ამაში შედის მაგისტრალიც, ღამით მანქანის ტარებაც და ა.შ. მთავარი პრობლემა ისევ გადაჭარბებული სიჩქარე და ნასვამი მძღოლია. როცა დაბალი სიჩქარით მოძრაობ და ამ დროს მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, მძიმე შედეგისგან მაინც ხარ დაცული, გადაჭარბებულ სიჩქარეს კი ხშირად ლეტალური შედეგი აქვს. თანამედროვე ავტომობილები ძალიან სწრაფია, როცა დიდია სიჩქარე, ტრაგედიაც გარდაუვალია. სტატისტიკას თუ გადახედავთ, ბევრი ახალგაზრდა გამოცდილების უქონლობის გამო იღუპება. უცხოეთში აპრობირებული მეთოდია - ახალგაზრდებს ავტოავარიების შესახებ მძიმე ვიდეომასალას აჩვენებენ. ეს ღრმად ილექება ქვეცნობიერში და ნებისმიერ სიტუაციაში ამოტივტივდება, ამუშავდება კონტროლის მექანიზმი და მძღოლი უფრო ფრთხილობს გზაზე. ამან მთელ ცივილიზებულ სამყაროს გარკვეულწილად უშველა და ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ.
ისევ მწვავეა სიმთვრალის პრობლემაც. ნასვამი მძღოლი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ თავსაც და სხვების სიცოცხლესაც. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არც ეკონომიკის სამინისტროს, არც შსს-ს არ დაექვემდებარება. მან უნდა გადაწყვიტოს, სად როგორ უნდა იყოს გზები მოწყობილი, როგორი უნდა იყოს საგზაო უსაფრთხოება. ამდენი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს და ამას გულგრილად არ უნდა ვუყუროთ. უცოდინარობის გარდა, ავტოავარიების მიზეზი არის ინფრასტრუქტურის მოუწყობლობაც. გზების გაყვანასაც ცოდნა სჭირდება. ერთია ავტომობილის მართვა, მეორე - სიტუაციის შეფასება. ორივე რგოლი სუსტი გვაქვს და ამას ემატება ჩვენი ხასიათი, სიჩქარე გვიყვარს. სწრაფად მიმავალი ავტომობილის დამორჩილება მარტივი არ არის. მთვრალი მძღოლი საჭესთან და გადაჭარბებული სიჩქარე სიკვდილის მომტანია და ამისთვის უმკაცრესი სასჯელი უნდა იყოს.
წყარო: "კვირის პალიტრა"