ავტომობილების საიმედოობის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. კვლევითმა სააგენტო J.D. Power-მა აშშ-ის ბაზარზე 2026 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სამი წლის ასაკის ავტომობილების მფლობელთა გამოცდილებას ეფუძნება.

რეიტინგი შედგენილია PP100 მაჩვენებლით, რაც ყოველ 100 ავტომობილზე გამოვლენილი პრობლემების რაოდენობას ნიშნავს. რაც უფრო დაბალია ეს რიცხვი, მით უფრო საიმედოდ ითვლება ბრენდი.

2026 წლის მონაცემებით, ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელმა 204 PP100 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი შედეგია და მიუთითებს, რომ ახალი ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად ავტომობილებში ხარვეზების რაოდენობაც იმატებს.

ყველაზე საიმედო ბრენდად კვლავ Lexus დასახელდა. ის J.D. Power-ის რეიტინგს ზედიზედ მეოთხე წელია ლიდერობს და მისი მაჩვენებელი 151 პრობლემაა ყოველ 100 ავტომობილზე. მეორე ადგილზეა Buick — 160 PP100-ით, ხოლო სამეულს MINI ასრულებს 168 PP100-ით.

საიმედოობის მაღალი მაჩვენებლები აქვთ იაპონურ ბრენდებსაც, მათ შორის Subaru-ს, Toyota-ს, Nissan-ს, Honda-სა და Mazda-ს. პრემიუმ სეგმენტში კი სტაბილურად კარგი შედეგები აჩვენეს Cadillac-მა, Porsche-მ, BMW-მ და Genesis-მა.

კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში მექანიკური კომპონენტები შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა მთავარი პრობლემა ციფრულ სისტემებზე მოდის. ყველაზე ხშირ ხარვეზად კვლავ მულტიმედიური სისტემები, განსაკუთრებით Android Auto-სა და Apple CarPlay-ის დაკავშირებისა და სინქრონიზაციის პრობლემები სახელდება.

ძრავის ტიპების მიხედვით ყველაზე პრობლემურ კატეგორიად პლაგ-ინ ჰიბრიდები დასახელდა. მათი მაჩვენებელი 281 PP100-ს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით მკვეთრი გაუარესებაა. შედარებით უკეთესი შედეგი აქვთ შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს, სადაც საშუალოდ 198 პრობლემა ყოველ 100 ავტომობილზე ფიქსირდება.

რეიტინგის ბოლოში ყველაზე პრობლემურ ბრენდებს შორის მოხვდნენ Volkswagen, Volvo და Land Rover. ყველაზე დაბალი შედეგი Volkswagen-ს აქვს — 301 პრობლემა ყოველ 100 ავტომობილზე.

www.crystalauto.ge