ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე სოციალურ ქსელში კვარიათის სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით წერს. 

როგორც ის აღნიშნავს, სამშენებლო მასალები პირდაპირ სანაპიროზე უკონტროლოდ ყრია და უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, რაც ადგილზე მყოფ დამსვენებლებს საფრთხეს უქმნის.

„კვარიათში ვარ, პლაჟზე. წარმოუდგენელია, ზედ პლაჟზე შენდებოდეს, სავარაუდოდ, მაღალსართულიანი შენობა (თუ დააკვირდებით ფოტოს, ჩანს, რომ ასეა). თავი რომ დავანებოთ იმას, რომ დანაშაულია ზღვის ნაპირზე ასეთი მშენებლობის ნებართვის გაცემა, ჩამოთლილია მიწა გზისპირზე, ესეც ჩანს ფოტოზე.

ამას ხვალ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, უკვე ვიცით. არმატურა ყრია პირდაპირ პლაჟზე, სადაც ბავშვები დარბიან. მიწაყრილსაც ხედავთ ფოტოზე. არანაირი უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. ხვალ რომ რამე მოხდეს, იტყვიან, უბედური შემთხვევა ყველგან ხდება.

დამნაშავე იქნება დედა, რომელმაც ბავშვს ვერ მიხედა, დამსვენებელი, რომელმაც დროულად ვერ შეძლო რეაგირება, მაგრამ ხელისუფლება არაფერ შუაში იქნება კერძო მშენებლობასთან.

მერე რა, რომ მშენებლობის ნებართვას ის იძლევა! მერე რა, რომ უსაფრთხოების კონტროლი მას ევალება! მერე რა, რომ ქვეყნის მართვა ნიშნავს პრევენციას, უსაფრთხოებას, დროულ რეაგირებას, პასუხისმგებლობას ყველაფერზე. მთავარია, კითხვები არ დავსვათ!“, - წერს რუსუდან ცხომელიძე.