საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ერთი ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეჩერებაზე და მოითხოვენ, მათი ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დაეთმოს.
განცხადების ტექსტს ხელს 60 თანამშრომელი (ამ დროისთვის) აწერს, მათ შორის წამყვანები: ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
„ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში.