იტალიაში ღვინოს ყოველი მეორე იტალიელი სვამს, საიდანაც 25,3% თავს უფლებას აძლევს, დღეში ერთი ან ორი ჭიქა ღვინო დალიოს.

ინფორმაციას Wine News იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (ISTAT) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ყოველდღიურად ღვინოს, განურჩევლად მოცულობისა, 8,5 მლნ ადამიანი, ანუ მოსახლეობის 29% სვამს. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა 58,9 მლნ ადამიანს შეადგენს.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, ღვინის მოყვარულთა შორის 3,6% დღეში ნახევარ ლიტრზე მეტ ღვინოს სვამს, ხოლო 57,8% ამ სასმელს იშვიათად მოიხმარს, რა კატეგორიაც ქვეყანაში ჭარბობს.

იტალიელებში ღვინო უფრო პოპულარულია, ვიდრე ლუდი, რომელსაც 27,2 მლნ მომხმარებელი ირჩევს. ლუდის მომხმარებელთა შორის 2,6 მლნ ადამიანი, ანუ 9,5% დღეში, მინიმუმ, ერთ კათხას სვამს.

ღვინოს ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთში, განსაკუთრებით კი ჩრდილო-დასავლეთში სვამენ, სადაც ღვინის 14,4 მლნ მოყვარულია. ისინი ქვეყნის ღვინის მოყვარულთა მთლიანი რაოდენობის 48,9%-ს შეადგენენ. სამხრეთ იტალიას 8,9 მლნ მომხმარებელი (30,3%) ჰყავს, რაც ცენტრალურ იტალიაში დაფიქსირებულ 6,1 მლნ მომხმარებელზე ოდნავ მეტია.

ღვინის ყველაზე მეტი მომხმარებელი იტალიის შემდეგ რეგიონებშია:

  • ლომბარდია - 5 მილიონზე მეტი (მთლიანი რაოდენობის 17%)
  • ლაციო - 2,8 მლნ (9,7%)
  • ვენეტო - 2,6 მლნ (8,9%)
  • კამპანია - 2,5 მლნ (8,75%)
  • ემილია-რომანია - 2,4 მლნ (8,39%)
  • პიემონტე - 2,2 მლნ
  • ტოსკანა - 2 მლნ

კვლევითი კომპანია Nomisma Wine Monitor-ის თანახმად, იტალიაში ღვინის მოხმარება 20 წლის განმავლობაში შემცირდა. კერძოდ, 2003 წელს დაფიქსირებული 29,3 მლნ ჰექტოლიტრის ნაცვლად 2023 წელს ღვინის მოხმარებამ 21,8 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა.

bpn.ge