საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ყველაზე მეტად ტურისტულ სფეროს აზარალებს, თუმცა ამ პრობლემის გავლენა ზამთრის კურორტებზე ყველაზე ნაკლებად იგრძნობა. ბაკურიანისა და გოდერძის კურორტებზე სასრიალო სეზონი გახსნილია და პირველი დამსვენებლებიც გამოჩნდნენ. ბიზნესოპერატორების ინფორმაციით, მართალია, წინა წელთან შედარებით, კლებაა, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებაში დარწმუნებულნი არიან, თუ პოლიტიკური პროცესები არ გამწვავდება.

ბაკურიანში ამ ეტაპზე მთლიანად ადგილობრივი დამსვენებლების იმედად არიან. როგორც სასტუმრო ,,ვილა პალასის" მენეჯერმა მაია მარუაშვილმა განაცხადა, წლევანდელ სეზონზე 80%-იან დატვირთვას ელოდებიან. აქტიური დატვირთვით კი 20 დეკემბრიდან მუშაობენ.

,,სამზადისი დავიწყეთ და ველოდებით სტუმრებს საქართველოს რეგიონებიდან, ძირითადად, ადგილობრივებისთვის ვმუშაობთ. ამ დროისთვის დამსვენებლები ნაკლებად არიან, მაგრამ შეკვეთებს აქტიურად ვიღებთ. პოლიტიკური პროცესების გავლენა აქ არ არის, ბაკურიანზე ეს არ მოქმედებს, ცოტა სხვა სეგმენტია, თუმცა დედაქალაქს ამ მხრივ ძალიან უჭირს.

ახლა კარგი სეზონისთვის ბაკურიანში თითქმის ყველა პირობაა - ამინდი კარგია, თოვს, მაგრამ სეზონი რომ აქტიური გახდეს, ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გზებია გაწმენდილი არ არის, რაც დიდ დისკომფორტს იწვევს.  მიუხედავად ამისა, რა ჯავშნებიც გვაქვს, არ გაუქმებულა, ველოდებით 80%-იან დატვირთვას. მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა იყოს ქვეყანაში და ამინდმაც გაამართლოს", - განაცხადა მაია მარუაშვილმა.

საინტერესოა ერთი მომენტიც. ,,ვილა პალასის" მენეჯერის თქმით, შეიცვალა მომხმარებლის ქცევა: თუკი დიდი ტურისტული ჯგუფები ადრე, ძირითადად, ბაკურიანში რჩებოდნენ, უკვე ახალციხეში გაჩნდა ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბაკურიანის სასტუმროებს გარკვეულ კონკურენციას უწევს.

ზამთრის ტურისტულ სეზონზე დადებითი ტენდენციის მიუხედავად, გამოწვევად რჩება უცხოელი ტურისტების ნაკლებობა. მაია მარუაშვილის ინფორმაციით,  სასტუმროში უცხოელი ვიზიტორების წილი გასულ სეზონზე 1%-ს ვერ აჭარბებდა, როდესაც ადრე 5%-ს აღწევდა.

,,მაღალბიუჯეტური მომხმარებელი, ფაქტობრივად, აღარ არის. კლინტები ითხოვდნენ დაბალ ფასს, რის გამოც იძულებული გავხდით, ტარიფების კორექტირება მოგვეხდინა. სეზონის წინ  250-300 ლარამდე გვქონოდა ორადგილიანი ნომრები სამჯერადი კვებით, მაგრამ 200 ლარამდე გავაიაფეთ. მართალია, ეს ნეგატიურად აისახება შემოსავლებზე, მაგრამ ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაგვედგა, რომ არ დაგვეკარგა მომხმარებელი. რატომ არის მაღალმხარჯველი ტურისტების დეფიციტი, ცოტა ძნელი ასახსნელია. ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოპოლიტიკური ვითარებაცაა. მათ შორის ისრაელის ფაქტორი,  ბაკურიანში ამ ქვეყნიდან ადრე ბევრი სტუმარი გვყავდა“, - დასძინა მაია მარუაშვილმა.

რაც შეეხება გუდაურს, იქაურ სასტუმროებზე მოთხოვნა ბოლო დღეების განმავლობაში მცირედით გაიზარდა, მთლიანობაში პრობლემა მაინც აშკარაა, რაც ევროპულ ტურების შემცირებაში გამოიხატა. ,,ინნ ჯგუფის" ხელმძღვანელის, ერეკლე კოკაიას თქმით, ამინდიდან გამომდინარე, შეკვეთამ მოიმატა, მაგრამ წინა წელთან შედარებით, ნაკლები მაჩვენებელია.

,,ტურისტების რაოდენობა ყველა ქვეყნიდან შეგვიმცირდა, მაგრამ ზამთრის კურორტებზე უკეთესი ვითარება გვაქვს. პოლიტიკური მდგომარეობა აქ ნაკლებ როლს თამაშობს. შემოდის ჯავშნები, თუმცა ის მოლოდინი რაც გვქონდა, რა თქმა უნდა, არ არის.

საახალწლო პერიოდში როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ჯავშნები გვქონდა, მაგრამ ბევრი გაუქმდა. მართალია, ნოემბერთან შედარებით, უკეთესობაა და სტუმრებს ვემსახურებით, მაგრამ ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში იყო. მიუხედავად ამისა, განწყობას ვინარჩუნებთ და ველოდებით, რომ სიტუაცია ნელ-ნელა გაუმჯობესდება, გუდაურზე მაქვს საუბარი, თბილისში სასტუმრო თითქმის ვერ მუშაობს", - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

ტურისტული ინდუსტრიის პრობლემაზე საუბრობენ საქართველოს გიდების ასოციაციაში, სადაც ერთ-ერთ მთავად პრობლემას სექტორისთვის იმიჯის აღდგენას მიიჩნევენ. ასოციაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი პრობლემის მოგვარებაზე გაკეთდა.

,,აუცილებელია საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტმა წამოიწყოს მიზნობრივი სარეკლამო კამპანიები, რომლებიც ხაზს გაუსვამს ქვეყნის უსაფრთხოებას, კულტურულ სიმდიდრეს და სტუმართმოყვარეობას.

საერთაშორისო მედიის პლატფორმებზე უნდა გამოჩნდეს პოზიტიური ისტორიები საქართველოზე, რაც დააბალანსებს საპროტესტო გამოსვლების შედეგად წარმოქმნილ ნეგატიურ შთაბეჭდილებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება გამოსავალს, ასოციაციის ინფორმაციით, ეს რამდენიმე პუნქტს მოიცავს: შიდა ტურიზმის მხარდაჭერა, კრიზისის მართვის სპეციალური პროგრამები, ახალი ბაზრების ათვისება, გამოცდილების მრავალფეროვნება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოციალური ქსელების გავლენის მაქსიმალური გამოყენება ტურისტებისთვის სასურველი გზავნილების გასავრცელებლად და სხვა.

ცნობისთვის, გოდერძის და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი უკვე გახსნილია. ბაკურიანის სასრიალო სეზონი 7 დეკემბერს, ხოლო გოდერძის 14 დეკემბერს ამოქმედდა.

გუდაურში სასრიალო ტრასებზე გათოვლიანების პროცესი უკვე დაწყებულია და დანარჩენ სამთო კურორტზეც სათხილამურო სეზონი ეტაპობრივად გაიხსნება.

2024-2025 წლის ზამთრის სასრიალო სეზონის აბონემენტი გაძვირებულია. წელს, ერთი ასვლის საფასური 15 ლარი იქნება როგორც უფროსისთვის, ასევე ბავშვისთვის, რაც წინა სეზონთან შედარებით 5 ლარითაა გაძვირებული. გაძვირებულია სამი ასვლის საფასური და წელს ის 35 ლარი ღირს, მაშინ როცა გასულ წელს 25 ლარი ღირდა.

ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძის და მესტიის სეზონური აბონემენტის საფასური ზრდასრულის შემთხვევაში 650 ლარი, 6-12 წლამდე ბავშვის შემთხვევაში 325 ლარი ღირს, მოზარდისთვის (13-18 წლის) კი 375 ლარი ჯდება.

სტუდენტური სეზონური აბონემენტის ფასი უცვლელია წინა წელთან შედარებით და მიმდინარე სეზონზეც 300 ლარი ღირს.

წყარო: რეზონანსი