2024-2025 წლის ზამთრის სასრიალო სეზონის აბონემენტის ფასები ცნობილია. წელს, ერთი ასვლის საფასური 15 ლარი იქნება როგორც უფროსისთვის, ასევე ბავშვისთვის, რაც წინა სეზონთან შედარებით 5 ლარითაა გაძვირებული. გაძვირებულია სამი ასვლის საფასური და წელს ის 35 ლარი ღირს, მაშინ როცა გასულ წელს 25 ლარი ღირდა.
ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძის და მესტიის სეზონური აბონემენტის საფასური ზრდასრულის შემთხვევაში 650 ლარი, 6-12 წლამდე ბავშვის შემთხვევაში 325 ლარი ღირს, მოზარდისთვის (13-18 წლის) კი 375 ლარი ჯდება.
სტუდენტური სეზონური აბონემენტის ფასი უცვლელია წინა წელთან შედარებით და მიმდინარე სეზონზეც 300 ლარი ღირს.
„აბონემენტები ხელმისაწვდომია როგორც კურორტის სალაროებში, ასევე, ონლაინ, ჩვენს პარტნიორ ონლაინ პლატფორმებზე: Biletebi, TKT.GE და SKIPASS.GE. გასული სეზონების მულტიქარდის მფლობელები ახალი აბონემენტის გააქტიურებას იმავე ბარათზე შეძლებენ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა უფასოა. ფასები მოცემულია ლარში (მოიცავს 18% დღგ-ს)”, - წერია მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ინფორმაციაში.