„რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე ამბები და ტურიზმში მიმდინარე ტენდენციები პირდაპირპროპორციულია. რამდენი ხანიც გაგრძელდება ეს ვითარება, იმდენი ხანი იქნება სრული სტაგნაცია“,- ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა, შემომყვან ტურიზმში გაყიდვები ამ დროისთვის თითქმის იგივე მაჩვენებელზეა, როგორც შარშან. თუმცა, ჯგუფური ტურების შემთხვევაში, ბევრი კითხვები გაჩნდა.

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე ამბები და ტურიზმში მიმდინარე ტენდენციები პირდაპირპროპორციულია. რამდენი ხანიც გაგრძელდება ეს ვითარება, იმდენი ხანი იქნება სრული სტაგნაცია, როგორც ტურისტების გაყვანის, ისე შემოყვანის მიმართულებით. თუმცა, შემომსვლელი ტურისტების უდიდესი ნაწილი მაინც ზამთრის კურორტების მიმართულებით მიდის და ეს მათზე იმდენად არ აისახება, რადგან ქალაქგარეთ არის. ამიტომ, იქ მეტ-ნაკლებად სასტუმროები დატვირთულია, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში.

შემომყვან ტურიზმზე თუ ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში (აპრილიდან-ნოემბრის შუა რიცხვებამდე) აქტიურ სეზონზე რა იქნება. იმიტომ, რომ ორგანიზებულ ტურიზმში, აპრილი, მაისი ივნისის პერიოდი, უკვე უნდა იყოს გაყიდვაში, ან გაყიდული. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ჩონჩხი უკვე უნდა არსებობდეს ჩამომსვლელ ჯგუფებზე. მაგალითად, პარტნიორი ავიაკომპანიასთან შეთანხმებით უკვე იღებს ბილეთებს, მე დაჯავშნილი მაქვს სასტუმრო და ა.შ. ამ ვითარებაში კი, ამის რეალიზება საკმაოდ დიდი პრობლემებთან არის დაკავშირებული“,- ამბობს „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი.

კითხვაზე, შემცირებულია თუ არა სამომავლო ჯავშნები, მამუკა კელაურაძე ამბობს, რომ „უბრალოდ გაყიდვები უფრო გაჭირდება“.

„კითხვებს მისვამენ პარტნიორები - რა ხდება? მეტ-ნაკლებად ვუხსნი ვითარებას და ვეუბნები, რომ მათ უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. თუმცა ჩემი სიტყვები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც თუ როგორ შუქდება ამა თუ იმ ქვეყანაში ჩვენთან მიმდინარე მოვლენები.

ნორმალურ ქვეყნებში, თუ არ არის სირიის მსგავსი ე.წ რევოლუციის სცენარი და არ არის დაბომბვები, თუნდაც იყოს შეტაკებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის, რამდენადაც მრავალრიცხოვანი აქცია არ უნდა იყოს, ტურისტული სეზონი მაინც გრძელდება. ამიტომ ვამბობ, გააჩნია რა დოზით შუქდება ჩვენი ვითარება ევროპის ქვეყნებში“,- ამბობს მამუკა კელაურაძე.

შეგახსენებთ, რომ უკვე 28 დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყებს.

bpn.ge