საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტში, 29 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.

მისივე თქმით, ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები.

„29 დეკემბერს, კვირას საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის შესაბამისად ცერემონია პარლამენტის სასახლეში იმართება. კერძოდ, სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11:00 საათზე და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით, 40 წუთი იქნება. ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

რაც შეეხება ინაუგურაციის პროცესს, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენთვის პირველი და ისტორიული მომენტი, ვინაიდან საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ხდება. როგორც საპარლამენტო რესპუბლიკების ტრადიციაა, ინაუგურაციის პროცესი პარლამენტის შენობაში იმართება. ჩვენ სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის საინუგურაციო კონსტიტუცია დავბეჭდეთ, რომელიც პირველად იქნება გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას, ზუსტად ეს იქნება გამოყენებული, ეს ეგზემპლარი. ასე რომ, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასევე სახელმწიფო არქივს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

www.interpressnews.ge