საქართველოში წლიდან წლამდე პროფესიულ სასწავლებელში როგორც ჩარიცხულთა, ასევე კურსდამთავრებულთა რაოდენობა იზრდება. მხოლოდ ბოლო ერთი წლის ჭრილში პროფესიულებში ჩარიცხულთა რაოდენობა 10%-იან ზრდას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს პროფესიულ სასწავლებლებში 17 083 ჩაირიცხა, 2023 წელს კი მათი რაოდენობა 15 494-ს შეადგენდა.

რაც შეეხება კურსდამთავრებულთა რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში 17%-იან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, 2024 წელს თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები დაამთავრა 9 537-მა სტუდენტმა, 2023 წელს მათი რიცხვი 8 123-ს შეადგენდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, პროფესიულ სასწავლებლებში მოთხოვნის ზრდის პარალელურად, როგორია ხელფასები და რამდენად პერსპექტიულია ამ ტიპის განათლება.

„ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს აკადემიის რექტორმა, პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტმა კახაბერ ერაძემ განუცხადა, რომ ხელფასები არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია კონკრეტული დასაქმების სფეროზე.

ასე მაგალითად, მისი თქმით, საწყის ეტაპზევე მაღალია ხელფასები პროგრამირებისა და ტექნოლოგიების კუთხით დასაქმებულთათვის. ამ სექტორში მაღალია თვითდასაქმების მაჩვენებელიც.

„ხელფასები მჭიდროდ არის დამოკიდებული დარგსა და პროფესიაზე. არის პროფესიები, სადაც თავიდანვე მაღალია ანაზღაურება და ასეთი არის ძირითადად IT სექტორი, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. თვითდასაქმების მაჩვენებელიც ამ მიმართულებებით ძალიან მაღალია, ამიტომაც განზოგადება ხელფასების რთული იქნება, გააჩნია დარგს პროფესიას და იქ მიმდინარე პროცესებს“, - ამბობს კახაბერ ერაძე.

IT სექტორის საპირისპიროდ, არსებითად განსხვავებულია მდგომარეობა საექთნო მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ექთნების მუდმივი დეფიციტია, ხელფასები მაინც დაბალია. კახაბერ ერაძე აღნიშნავს, რომ კლინიკებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბოლო კურსიდანვე აჰყავთ მომავალი ექთნები.

„არალოგიკური სიტუაციები გვაქვს, რაც ცალკე კვლევის საკითხია. ძალიან მაღალია მოთხოვნა საექთნო პერსონალზე, მაგრამ წლებია ქვეყანაში ექთნების ქრონიკული დეფიციტია. კლინიკები ბოლო კურსზევე იტაცებენ მომავალ ექთნებს. მიუხედავად ამისა, ხელფასები არის ძალიან დაბალი, ალბათ, აქედან გამომდინარეობს, პროფესიიდან კადრების გადინების მზარდი დინამიკა. ერთად უნდა ვიფიქროთ, რომ ადეკვატურმა ანაზღაურებამ მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი შეინარჩუნოს“, - განაცხადა კახაბერ ერაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო - 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული იყო 24 ათასი ექიმი და 21 ათასი ექიმი. რიცხვები აჩვენებს, რომ ექიმთა რაოდენობა აჭარბებს ექთანთა რაოდენობას, ეს კი მაშინ, როცა საერთაშორისო სტანდარტებით ერთ ექიმთან საშუალოდ 4 ექთანი უნდა მუშაობდეს.

www.bpn.ge