არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება ისევ გადავადდა. შესაბამისი ცვლილება „არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“ დადგენილებაში უკვე შევიდა.
იქამდე, სერტიფიცირების ამოქმედების ვადად 2025 წლის 1-ელი დეკემბერი იყო განსაზღვრული. ბოლო ცვლილებებით კი, ცვლილებები 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა.
იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები მომავალი წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები დამოწმებული უნდა იყოს სერტიფიცირებული არქიტექტორის/ინჟინერ-მშენებლის მიერ და ამ პროექტებზე ექსპერტიზა უნდა განახორციელოს სერტიფიცირებულმა ექსპერტმა.
ამასთანავე, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნა არ გავრცელდება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იმ არქიტექტურული/კონსტრუქციული პროექტის ცვლილებაზე (კორექტირებაზე), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულია 2026 წლის 1 სექტემბრამდე.
შეგახსენებთ, სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, აღნიშნული ვადა მოგვიანებით 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ კი 2025 წლის 1-ელ დეკემბრიდან გადავადდა. ბოლო ცვლილებებით, კანონის ამოქმედება 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან არის დაგეგმილი.