მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამეს" აქციის მონაწილეებმა საახალწლო სუფრის გაშლა დაიწყეს.
მოქალაქეებმა გამზირზე მაგიდები მიიტანეს, რომლებიც გზის სავალი ნაწილის შუა ზოლზე განალაგეს.
მაგიდები განლაგებულია თავისუფლების მოედნიან სასტუმრო “თბილისი მარიოტამდე”.
მოქალაქეების სურვილი იყო საახალწლო სუფრა “რესპუბლიკის მოედნამდე” გაშლილიყო, თუმცა სასტუმრო “თბილისი მერიოტთან” განლაგებულმა პატრულმა ამის საშუალება მათ არ მისცა.
მოქალაქეებმა საახალწლო სუფრა სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში: წითელ და თეთრ ფერებში გააწყვეს.
საახალწლო სუფრას შლიან მსახიობები, მომღერლები, ექიმები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლეები. მათ მოიტანეს ქართული ტრადიციული კერძები.