რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „განათლების უფლება“ საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებმა ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე განხილული იყო USAD-ის მხარდაჭერით საქართველოს 14 სკოლაში დანერგილი პროექტი „მშობლების ჩართულობა“, მისი მიმდინარეობა და შედეგები.

როგორც აღინიშნა, ძირითადი პრობლემები სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვას და დასუფთავების მიმართულებით არსებული ხარვეზებს ეხება.

„ძირითად პრობლემად მივიჩნევ იმას, რომ მოსწავლეები არ არიან დაინტერესებული და სათანადოდ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, რაც, რა თქმა უნდა, ბავშვის მიზეზითაც შეიძლება აიხსნას, მაგრამ მე მასწავლებლისგან და სკოლისგან ვითხოვდი, ყოფილიყვნენ ბავშვზე ორიენტირებული და მაქსიმალურად ისე მოეხერხებინათ, რომ ბავშვისთვის სწავლის პროცესი სასიამოვნო ყოფილო. გარკვეულ მასწავლებლებთან ამას მივაღწიე“, - აღნიშნა 24-ე სკოლის მოსწავლის მშობელმა თამარ ცუკილაშვილმა. მისი თქმით, სამივე სკოლაში, რომელიც მისმა შვილმა გამოიცვალა, ეს პრობლემა სხვადასხვა დონეზე, მაგრამ იყო.

მშობლების მხრიდან პრობლემად ასევე დასახელდა საჯარო სკოლებში სანიტარიული ნორმების დარღვევა, ხოლო როცა მშობლები პრობლემის გარკვევას შეეცადნენ, ისინი შეეჩეხნენ სისტემის ჩაკეტილობას, რომელში შესაღწევადაც დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.

„ეს სისტემა ისეთი ჩაკეტილია, თითქოს მშობელი იმ გარემოსთვის საფრთხის შემცველია და არსებობს აღქმა, რომ მისი ჩართულობა მაქსიმალურად უნდა იქნეს თავიდან არიდებული.

მე რომელ სკოლასთანაც მქონდა შეხება, იყო ძალიან დიდი, მიუხედავად ამისა, მხოლოდ 1-2 დამლაგებელი იყო გათვალისწინებული. ორკორპუსიან შენობაში მხოლოდ 2 დამლაგებელი მუშაობდა და იყო პერიოდი, როცა ერთი მათგანიც არ იყო ხოლმე. შენობაში შესვლისთანავე აღიქმებოდა, რომ ტერიტორია იყო მოუწესრიგებელი, საკლასო ოთახებში იყო მტვერი და საპირფარეშოებზე საუბარიც აღარ შეიძლებოდა.

როცა ვცადე ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩართულობა, შევთავაზე ყველანაირი დახმარება, ვცდილობდი რომ გუნდურად გვემუშავა, მაგრამ გაირკვა, რომ არ სურდათ ჩემი მონაწილეობა. ამიტომ როცა გამოცხადდა პროექტი „მშობელთა ჩართულობა“, მივხვდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო“ , - განაცხადა 151-ე სკოლის მოსწავლის მშობელმა თაია წიკლაურმა.

მშობლების თქმით, მათ სკოლებში სათანადოდ არ იქნა აღქმული პროექტის „მშობლების ჩართულობა“ მნიშვნელობა, რის გამოც ეს შესაძლებლობა გამოუყენებელი დარჩა. 

კიდევ ერთ პრობლემად დასახელდა მოსწავლეების კვება და აღინიშნა, რომ სკოლებში არსებული ბუფეტები პატარა მარკეტებისგან, ფაქტობრივად, არ განსხვავდება, სკოლებში არაჯანსაღი საკვები იყიდება, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. 

მშობლების განცხადებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია განათლების სამინისტროს მიერ ხდებოდეს ამ საკითხის კონტროლი, რათა სკოლებში არ მოხვდეს არაჯანსაღი საკვები. 

ასევე ყურადღება გამახვილდა მასწავლებლების არასწორ დამოკიდებულებაზე და ითქვა, რომ არსებობს მათი მხრიდან მოსწავლეების მიმართ  ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენების ფაქტები.

„მე მაგალითად მქონდა შემთხვევა, როცა ჩემმა შვილმა ძალიან განერვიულებულმა დამირეკა და მითხრა, რომ მასწავლებელმა ყველას თვალწინ აუფრიალა საკონტროლოს ორიანი. შესაძლოა მასწავლებელმა ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ შემდეგი მსგავსი შედეგი აღარ განმეორებულიყო, მაგრამ ჩემი შვილისთვის ეს საკმაოდ ტრავმის მომტანი აღმოჩნდა და კარგა ხანი ვცდილობდი მისთვის დამტკიცებას, რომ მასწავლებელს ეს მიზანმიმართულად არ გაუკეთებია“, - განაცხადა თამარ ცუკილაშვილმა.

მშობლების თქმით, აუცილებელია განათლებაში თანამედროვე მიდგომების და მეთოდების დანერგვა, რათა მასწავლებლებს და მოსწავლეებს ურთიერთობა გაუმარტივდეთ და სწავლების პროცესი ნაყოფიერი იყოს. 

გადაცემის მეორე ნაწილში სკოლის შენობებში გაჭიანურებულ სარემონტო სამუშაოებზე იყო საუბარი. კერძოდ, აღნიშნა, რომ თბილისის მე-4 საჯარო სკოლა უკვე ოთხი წელია აღარ ფუნქციონირებს, მის მოსწავლეებს კი სხვადასხვა სკოლებში მე-2 და მე-3 სმენებში უწევთ სიარული. 

„მშობლები უკვე ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებულები ვართ. პრობლემა აქვს ყველას, მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლების ნაწილსაც. არიან მშობლები, რომლებიც ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან, მაგრამ ეს ყველას პრობლემაა. 

ზოგი მშობელი ალბათ ენდობა მასწავლებელს, ან შიში აქვთ. შეიძლება ყოველ წელს ვიყოთ იმედით, რომ სამუშაოები დარულდება? შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ, რომ სამუშაოები არც დაწყებულა, ბანერიც კი არ არის გამოკრული“, - აღნიშნა მე-4 სკოლის მოსწავლის მშობელმა ლელა რატიანმა. 

მისი თქმით, მშობლები სკოლის მშენებლობის დაწყების მოთხოვნით 15 სექტემბერს დადიანის ქუჩაზე საპროტესტო აქციას გამართავენ.

„ჩვენი მოთხოვნაა დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყოს მშენებლობა და რემონტები დასრულდეს დროულად. საქართველოს მასშტაბით 800-მდე სკოლაა რემონტზე გასული და ეს პროცესი წლებია გრძელდება. ვითხოვთ, დაჩქარდეს სამუშაოები. კარგად ვერკვევი ამ საკითხებში და ვიცი, რომ 4 წელი არცერთი სკოლის აშენებას არ სჭირდება“, - განაცხადა ლელა რატიანმა. 

როგორც მან განმარტა, თუ განათლების სამინისტროს მხრიდან მშობლების მოთხოვნაზე რეაგირება არ მოხდება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.