რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება წარმოების გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება, რათა სექტორს პლასტიკის გადამუშავების შესაძლებლობა ჰქონდეს, რაც პროცესს უფრო გაამარტივებდა, ვიდრე პლასტიკის საერთოდ ხმარებიდან ამოღება.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სოფო ქაშაკაშვილი აღნიშნავს, რომ მუყაო, ალტერნატიული მასალა, რომელმაც პლასტიკის ჭურჭელი ჩაანაცვლა, რაღაც რაოდენობის პლასტიკს მაინც შეიცავს, რადგან მუყაო ძალიან მალე სველდება და ფუჭდება. ამდენად, საჭიროა პლასტიკი, რათა მომხმარებელს იმის შესაძლებლობა ჰქონდეს, პროდუქცია სახლამდე მიიტანოს. შესაბამისად, ნაგავსაყრელზე პლასტიკი მაინც მოხვდება.

„მუყაოს გადამუშავებაზე ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან მსგავსი მუყაო და პლასტიკი უკვე ცხიმებით არის დაბინძურებული. თითზე ჩამოსათვლელი ქარხანა არსებობს მსოფლიოში, რომელიც მსგავს პროდუქციას გადაამუშავებს, ჩვენთან კი ამის გადამუშავება რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია. შეიძლება პლასტიკის გადამუშავება უფრო გვაწყობდეს ამ ეტაპზე, თუ ცირკულარულ ეკონომიკას გავაგრძელებთ“, - აცხადებს სოფო ქაშაკიშვილი.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან სექტორს კონსულტაციები გასული წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან ჰქონდა, თუმცა მისკომუნიკაცია მაინც მოხდა, რადგან რეგულაცია რთულად გასაგები აღმოჩნდა.

„კანონპროექტი ორ ნაწილად არის გაყოფილი, რაც შემდეგს გულისხმობს: 1-ელი აპრილიდან აიკრძალა მზა კვების გაცემა პლასტიკის ჭურჭლით, მათ შორის, პლასტიკის თეფშები, გაფართოებული პოლისტირენი, რომელიც პენოპლასტს ჰგავს. ასევე, დანები, ჩანგლები, მოსარევი ჩხირები, ჭიქების თავსახურები, თუმცა საუბარია მხოლოდ პენოპლასტისგან დამზადებულ თავსახურებზე, პლასტიკის თავსახურებზე ჯერჯერობით გამონაკლისი ვრცელდება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშვებული იქნება. კანონის მეორე ნაწილი 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, როცა უკვე კვების ობიექტებზე აიკრძალება პლასტიკის კონტეინერებისა და ჭიქების გამოყენება, თუმცა დასაშვები იქნება მომხმარებლებისთვის დახლიდან შეძენა სახლში მოხმარებისთვის. იქვე, ადგილზევე რომ ითხოვოს მომხმარებელმა საკვების პლასტიკის კონტეინერებში ჩაწყობა, ეს აკრძალული იქნება.

ცოტა მძიმე აღსაქმელია კანონი, რადგან ასე ორად არის გაყოფილი. რამდენჯერმე მომიწია სამინისტროსთან გადამოწმება, რომ ბოლომდე ნამდვილად კარგად გაგვეგო. იმის გამო, რომ სხვანაირად გვქონდა გაგებული რეგულაცია, ცოტა გავიჭედეთ ნაშთების ამოყიდვის მიმართულებით. თუმცა ექსპორტი არ გვეკრძალება და ალბათ, ბიზნესი თავის გზას მონახავს და ეცდება, არ იზარალოს.

რეგულაცია ნამდვილად კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება, თუმცა რამდენად ჩვენი ბაზარი არის მზად იმისთვის, რომ პლასტიკი საერთოდ ამოვიღოთ ხმარებიდან, ეს ცოტა სათუოა. ამასთან, ბოთლებთან დაკავშირებითაც 2027 წლიდან ახალი რეგულაცია უნდა ამოქმედდეს და იქ უფრო მეტი გამოწვევა იქნება, ვიდრე პლასტიკის ჭურჭელთან“, - აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი.